უკრაინა საქართველოს სთხოვს, ყირიმელ თათრებს საზღვარი არ ჩაუკეტოს
30/09/2022 13:36:14 პოლიტიკა
უკრაინის ვიცე-პრემიერმა/დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა მიმართა საქართველოს, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობებს მოწოდებით, ყირიმელ თათრებს საზღვრები არ ჩაუკეტონ.
«ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ უკანონო მობილიზაციის განხორციელება დაიწყო. ხდება ყირიმელი თათრებისა და ყირიმის სხვა ძირძველი ხალხების წარმომადგენლების მასობრივი იძულებითი გაწვევა ოკუპანტების მხარეს საომრად. აშკარაა, რომ მსგავს ქმედებას გენოციდის ნიშნები აქვს. ყირიმელი თათრები და სხვა ძირძველი ხალხები ცდილობენ, საკუთარი ძალებით აარიდონ მობილიზაციას თავი და გავიდნენ უკრაინის მიმართ მეგობრულ ქვეყნებში. თუმცა მოგვდის ცნობები იმის შესახებ, რომ რიგ შემთხვევებში ზემოთხსენებული ქვეყნების მესაზღვრეები მათ შეშვებაზე უარს ეუბნებიან. მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს თხოვნით, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას და ხელი შეგვიწყონ მის გადაჭრაში. დღეს ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობროვის მხრიდან მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს” – განაცხადა ვერეშჩუკმა.
ცნობისთვის: 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც როგორც რუსეთში, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მამაკაცებს ძალდატანებით იწვევენ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხარეზე საომრად. რუსეთიდან მობილიზაციას უკვე 300 000-ზე მეტი მოქალაქე გამოექცა. მათმა დიდმა ნაწილმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. გარბიან ასევე ფინეთში, ნიდერლანდებში, მონღოლეთსა და ყაზახეთში.
დაიწყო მობილიზაციისთვის მზადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც.


