ქადაგიშვილი NATO–ს თაობაზე უკრაინის გადაწყვეტილებას „ლოგიკურ ნაბიჯად“ მიიჩნევს, თუმცა არ ფიქრობს, რომ საქართველომაც იგივე უნდა გააკეთოს

30-09-2022 21:45:56 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის გადაწყვეტილებას ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარდგენას „ლოგიკურ ნაბიჯად“ მიიჩნევს, თუმცა არ ფიქრობს, რომ საქართველომაც იგივე უნდა გააკეთოს.

„საინტერესოდ ვითარდება მოვლენები – პარალელურად იმისა, რაც რუსეთმა ოკუპაციის პირობებში ჩაატარა (რეფერენდუმი და შეიერთა ოკუპირებული ტერიტორიები), ნატოსთან მიმართებაში უკვე უკრაინამ გადადგა ეს ნაბიჯი. გასაგებია, რომ უკრაინას დღეს აღარაფერი აქვს დასაკარგი. რომ იტყვიან, უკან დასახევი გზა და რაიმე კომპრომისი, რაიმე მოლაპარაკების სივრცე დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, უკრაინა ბოლომდე გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რაც გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, ნატოს მხრიდან. ამ ვითარებაში მიმაჩნია, რომ უკრაინის ნაბიჯი ლოგიკურიცაა.

რამდენად სწრაფი იქნება თავად ნატოს გადაწყვეტილება, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეს 30 ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს. ვიცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ფინეთის და შვედეთის შესაბამისი განცხადებებიც არსებობს და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არაა. აქედან გამომდინარე, ჩვენც სასწრაფოდ იგივე ნაბიჯი უნდა გადავდგათ... არ ვიტყოდი, რომ იგივე ნაბიჯი უნდა გადავდგათ: ყველაფერს სჭირდება ბოლომდე და კარგად აწონ–დაწონა“,– განაცხადა ქადაგიშვილმა „პალისტრანიუსის“ ეთერში

მისი აზრით, გადაწყვეტილებების მიღებამდე მთავრობამ საკითხი დეტალურად უნდა გაიაროს პარტნიორებთან და შეიტყოს მათი მზაობის შესახებ, რადგან რუსეთს დღეს ყველა „წითელი ხაზი“ გადალახული აქვს:

„ალბათ ("ალბათ" იმიტომ ვამბობ, რომ ეს უფრო მთავრობის და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმეა) გვაქვს შესაბამისი კონსულტაციები. უნდა ვიცოდეთ, იქიდანაც როგორია მზაობა, რა შედეგები და რისკებია ერთმანეთთან დადებული. იმიტომ, რომ რუსეთსაც ამ დროისთვის ყველა „წითელი ხაზი“ გადალახული აქვს და არც მას აღარ აქვს უკან დასახევი – ისიც ბოლომდე მიდის ამ უბედურებაში, რა ცეცხლიც დაანთო. ამას შესაძლოა, მოჰყვეს აფხაზეთში, ცხინვალში ანალოგიური პროცესებს განვითარება, რა პროცესებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ასე გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება, თუ საკითხი პარტნიორებთან გულდასმით არ იქნება განხილული. ის, რომ ჩვენ არჩევანი გაკეთებული გვაქვს და ის ჩვენი ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, ეს მგონია, რომ კამათის საგანი არ უნდა იყოს“.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

30 სექტემბერსვე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი დღეს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს:

„დე-ფაქტოდ ჩვენ უკვე გავიარეთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ და დავამტკიცედ მის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი [სტანდარტები – რედ.] რეალურია უკრაინისთვის – როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე- ფაქტო. დღეს კი უკრაინა წარადგენს განაცხადს, რათა გააკეთოს ეს დე-იურე, იმ პროცედურით, რომელიც შესაბამისი იქნება ჩვენს მნიშვნელობასთან მთელი ჩვენი თანამეგობრობის დაცვაში. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ რა ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს”.

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს საქართველომ იგივე პროცედურა უნდა გაიაროს.

„ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს. დეტალები ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ საუბარია დაჩქარებული წესით NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტზე აპელირებით. როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველომ პირველმა იწვნია საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია და პირველმა იომა პუტინის ურდოს წინააღმდეგ. ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის. რა ტიპის დაჩქარებულ პროცედურაზეც არ უნდა იყოს საუბარი, იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ ჩვენც", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები