Accentnews.ge
ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რა კრიტერიუმები ჩაიწერა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში

ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რა კრიტერიუმები ჩაიწერა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში

03/10/2022 08:14:47 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს სამუშაო ჯგუფს წარუდგენენ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც "უკრაინული მოდელის ანალოგია".

ბრიფინგზე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონშია, მათ შორის:

  • "საუბარია მედიაგავლენაზე;
  • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე;
  • მონოპოლისტურ საქმიანობაზე;
  • საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე".

ოხანაშვილის თქმით, ამ ოთხი კრიტერიუმიდან 3 იქნება საკმარისი, რათა პირი მიიჩნიონ ოლიგარქად.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად დეპუტატმა განაცხადა, რომ "კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება":

"ის 3 კრიტერიუმი, რომელიც შემოთავაზებულია, ვერაფრით უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ [დავით] კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, სხვა ფაქტებითა და ოპოზიციის განცხადებებითვე მიჩნეული შეიძლება იქნენ ოლიგარქებად".

როგორც მან აღნიშნა, უკრაინული მოდელისგან განსხვავებით, რომელშიც პირის ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, ქართულ პროექტში ოფიციალურ უწყებად შეთავაზებულია პარლამენტი.

"პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებზე, უნდა მოიძიონ შესაბამის პირებზე ინფორმაცია", -აცხადებს ოხანაშვილი.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი სამუშაო ჯგუფის გარდა, ასევე წარედგინება კომიტეტს, სადაც პროექტის ინიცირებაზე იმსჯელებენ.

საქართველომ 23 ივნისს მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S