Accentnews.ge
სირიული კრიზისი: საით აიღეს გეზი "ისლამური სახელმწიფოს" გაქცეულმა წევრებმა

სირიული კრიზისი: საით აიღეს გეზი "ისლამური სახელმწიფოს" გაქცეულმა წევრებმა

16/10/2019 11:01:45 თვალსაზრისი, ანალიზი

თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის მოტივით სამხედრო ოპერაციას განაგრძობს და როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ის სანქციების შემდეგ განაცხადა, შეჩერებას არ აპირებს. შექმნილ კრიზისულ ვითარებას მრავალი განშტოება აქვს, მათ შორის გეოპოლიტიკური სირიაში წარმოდგენილი აქტორების გათვალისწინებით, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღებას ტერორიზმის საფრთხეზე გავამახვილებთ. ამ საფრთხესთან საქართველოს ახლო მანძილზე მოუწია შეხება, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევის „ქეისით“. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩრდილოეთ კავკასიელები. არსებობს ვარაუდი, რომ მათ თავის დროზე სირიაში მოსახვედრად საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს, ამდენად ქვეყანა და მარშრუტები მათთვის უცხო არ უნდა იყოს. სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის კვალდაკვალ კი ვრცელდება ცნობები ქურთების მიერ კონტროლირებადი ციხეებიდან ტერორისტული ორგანიზაციის 1000-მდე წევრის გაქცევის თაობაზე. სპეციალისტთა ნაწილი ტერიტორიული სიახლოვის თვალსაზრისით მათ შესაძლო მიმართულებად თურქეთს, საქართველოსა და უკრაინას განიხილავენ.

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას კავკასიოლოგი  ალეკო კვახაძე საკუთარ ინფორმაციებზე დაყრდნობით აცხადებს, გაქცეულთა შორის ჩრდილოეთ კავკასიელები არიან, ხოლო თავად სამხედრო ოპერაციას იმედით უყურებენ დანარჩენ ციხეებში მოთავსებული მებრძოლები:       


„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ჯარმა მცირე ტერიტორიები გაათავისუფლა, ამ სამხედრო ოპერაციას იმედის თვალით უყურებენ სხვა ბანაკებში მოთავსებული ტყვეები. 70 000-მდე ადამიანია დაკავებული, მათი უმეტესობა ადგილობრივია - ქალაქ რაქას მკვიდრები. თავის დროზე მათ წინაააღმდეგობა გაუწიეს ქურთებს, ამიტომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობა დააბრალეს და დააკავეს. რაც შეეხება ამავე ბანაკებში მოთავსებულ უცხოელებს, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან. სხვაგვარად მათ თავის დროზე უბრალოდ არ შეუშვებდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქურთებმა აღნიშნული პირების დაკავების შემდეგ რამდენიმე მსხვილი ბანაკი გახსნეს და დაკავებულთა ნაწილი მშობლიურ ქვეყნებში გადაანაწილეს, ხოლო ნაწილი, მათ შორს ჩრდილოეთ კავკასიელები არა თუ გადაანაწილეს სხვა ქვეყნებში, არამედ ბანაკებში მოთავსების შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ წარმომადგენლებსაც კი უშლიდნენ ხელს მათ მონახულებაში. იყო ცნობები, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმებები არსებობდა რუსეთის ფედერაციასთან.

რაც შეეხება მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, დაიბომბა ქურთების მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ბანაკი, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ რუსულენოვანი  წევრები იყვნენ მოთავსებული, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.  როგორც ისინი თავიანთ „ტელეგრამ“-ჯგუფებში წერენ, ქურთებმა დაცვა მოხსნეს და ბრძოლის წინა ხაზზე გადაისროლეს, ბანაკი კი დაუცველი დარჩა. შედეგად, ადგილობრივი ტყვეები გაიქცნენ, ხოლო უცხოელები, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები ადგილზე დარჩნენ. მათ უთხრეს, „იქონიეთ თეთრი ფერის დროშები, დაელოდეთ თურქეთის ჯარს, მათ ჩაბარდებით და შემდეგ თურქეთის ხელისუფლება გაგანაწილებთ თქვენსავე ქვეყნებშიო“. ხოლო რა ბედი ეწიათ „ისლამური სახელმწიფოს“ აქტიურ წევრებს, ცნობები არ ვრცელდება.

სტამბოლში მცხოვრები ჩრდილოეთ კავკასიელები დახურულ ჯგუფებში წერენ, რომ თურქეთი 30-კილომეტრიანი „უსაფრთხოების ზონით“ არ დაკმაყოფილდება და დაიკავებს სხვა ტერიტორიებს. საუბარია ჰოულისა და როჟის ბანაკებზე და ელიან, რომ დატყვევებულები თავის დაღწევას ამ შემთხვევაშიც შეძლებენ. ჩემი ინფორმაციით, ჰოულის და როჟის ციხეებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა, მათგან ერთ-ერთია ანთაძე, ასევეა საქართველოს მოქალაქე ქალი აზერბაიჯანული თემიდან“.

კვახაძე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით წარმოქმნილ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას:  

„როგორც აღვნიშნე, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მცირეა, ამდენად ისინი მაღალ რისკებს არ ჰქმნიან, მაგრამ პრობლემები შესაძლოა, შეიქმნას ჩრდილოეთ კავკასიელებთან დაკავშირებით: ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან, თავი თურქეთში დაიმკვიდრონ და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო გამოიყენონ ტრანზიტისთვის. ჩვენ გვაქვს მძიმე შემთხვევა ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით და ამ კუთხით სამუშაოა. მხოლოდ გადაადგილებასთანაც რომ გვქონდეს საქმე და არა თავდასხმასთან, ესეც პრობლემატური იქნება. ამიტომ, ჩვენს სპეცსამსახურებმა პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ აცნობიერებენ სირიიდან მომდინარე საფრთხეს და მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორებთან. ამის შესახებ დღეს სუს-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა:

„კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ისლამური სახელმწიფო. მოგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო წავიდა დასუსტებისკენ, დაკარგა ბევრი მებრძოლი და აქტიური ღონისძიებებიდან გადავიდა შეფარულ მოქმედებებზე, რაც გამოიხატება წერტილოვანი ტერაქტების მოწყობაში. თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ წინა დღეებში განვითარებული მოვლენები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე სადაც მნიშვნელოვანი დისონანსის შეტანა მოხდა ამ კოალიციის საქმიანობის წარმატებით წარმართვაში და წარმოიშვა გარკვეულწილად რისკები იმისა, რომ დაკავების ადგილებიდან და ლტოლვილთა ბანაკებიდან შესაძლებელია თავისუფალ სივრცეში მოხვდნენ ძველი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები, რაც თავისთავად ქმნის ახალ რეალობას და ახალ გამოწვევას, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის.  აღნიშნულთან დაკავშირებით  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხითაც, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, თუმცა მცირე ნაწილი  მონაწილეობას იღებდა მიმდინარე ღონისძიებებში სირიის ტერიტორიაზე და ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ კოალიციას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით“.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S