Accentnews.ge
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტის შეშვების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტის შეშვების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა

04/10/2022 08:31:05 პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ" ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტის ჯეიმს კობის შეშვების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ან ადამიანების ვიწრო ჯგუფის პრობლემა, ეს არის საზოგადოების, სახელმწიფოს დიდი გამოწვევა.

„როდესაც ის რამდენიმე კვირის წინ მოვინახულე, მისი სხეულის მასის ინდექსი იყო შემცირებული და არ ხდება მატება. მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა იმ ეგზეკუციის შემდეგ, რომელიც მან გამოიარა ამ დროის განმავლობაში. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიეცეს ამ ადამიანს [ჯეიმს კობს] იმის საშუალება, რომ მოინახულოს, ჩაუტაროს ექსპერტიზა, შესაბამისი კვლევა, რათა საზოგადოებამ გაიგოს თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხილო", - განაცხადა დეკანოიძემ.

ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, "რუსი ოლიგარქი, რუსული ხელისუფლების სულის ჩამდგმელი, მსოფლიო დონის ექიმს არ უშვებს სააკაშვილთან და ჰგონია, ამ ნაბიჯით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს":

"ერთის მხრივ, ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით, როცა ღიად ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ რეგულაციას, ადამიანურ მიდგომას, თავის აგრესიულ ელექტორატს გაამხნევებს და მეორეს მხრივ, მიჩქმალავს სააკაშვილის რეალურ მდგომარეობას. ამით ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ივანიშვილი ძალიან მალე დაიჭერს ორ აგურს, რომელსაც თავში შემოირტყამს".

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გიორგი ბოტკოველი, ლევან ხაბეიშვილი, ეკა ხერხეულიძე და სხვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S