Accentnews.ge
ოპოზიციის ნაწილი – "ხალხის ძალაზე": "კი არ ფართოვდებიან, მის ბუნებრივ, პრორუსულ წიაღში ბრუნდებიან"

ოპოზიციის ნაწილი – "ხალხის ძალაზე": "კი არ ფართოვდებიან, მის ბუნებრივ, პრორუსულ წიაღში ბრუნდებიან"

04/10/2022 09:12:56 პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ყველა, ვინც "ხალხის ძალას" უერთდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ 5 კანონმდებელი, რომელმაც დღეიდან "ხალხის ძალის" რიგებში გადაინაცვლა, "რეალურად ანტიდასავლურ კამპანიას შეუერთდნენ".

„ყველა, ვინც ამ „ოთხეულს“ შეუერთდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ამ ადამიანებს „ქართული ოცნებისგან” არ ვყოფ. ეს ადამიანები ატარებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, უბრალოდ განსხვავებული წარმოდგენებით და ადგილებით - ისინი ოპოზიციის მხარეს სხდებიან. ერთადერთი რამ უნდა ვთქვა - გამიკვირდა ეკა სეფაშვილისგან. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ აღმოაჩნდათ პირადი ნება და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილს დაჰყვნენ”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"კი არ ფართოვდებიან, მის ბუნებრივ, პრორუსულ წიაღში ბრუნდებიან, საიდანაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი წამოვიდა", - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალაში“ "ქართული ოცნების" კიდევ 5 დეპუტატის გადასვლის ფაქტს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, „ხალხის ძალაში“ გადასვლა სხვებსაც მოუწევთ:

"ქართული ოცნება" გვატყუებს, თითქოს ევროპაში მიდის და ამ დროს ყველა გურამ მაჭარაშვილის გვერდით გადმოსხდა. ეს არის მათი რეალური სახე და უკეთესიც არის, საქართველოს მოქალაქეები დავინახავთ, ვინ არიან, რამდენი არიან და მივუჩენთ საკადრის ადგილს ისტორიის სანაგვეზე. ძალა, რომელიც ეუბნება მოქალაქეებს, რომ აშშ და დასავლეთი საქართველოს მტერია, ის რეალურად არის საქართველოს მტერი".

"გირჩის" წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ "ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების პოლიტიკურ პენსიაზე გასვლის უმოკლესი გზაა".

"ვინც დღეს მოქმედ პარლამენტშია, მომავალ პარლამენტში აღარ იქნება, ამიტომ ზოგი პოლიტიკურ პენსიაზე გავა და პენსიაზე გასვლამდე, არც ასეთ თავგადასავალზე იტყვის უარს. ვიდრე "ქართული ოცნება" ფრაქციებს აკრძალავდა, მმართველი გუნდის შიგნით რამდენიმე ფრაქცია იყო. ამ ფრაქციებს მმართველი პარტიისგან რა განასხვავებდა, არავინ იცოდა, მაგრამ ფრაქცია იყო. შემდეგ ფრაქციები აიკრძალა და ახლა ასეთი უცნაური შემთხვევაა, რომ თან "ქართულ ოცნებას" გამოეყვნენ, თან უმრავლესობაში არიან - ასეთი გაუგებარი ამბავი ხდება. მე ამ ადამიანებს "ქართული ოცნებისგან" არ განვასხვავებ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის: „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა და მას მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი დაემატა. ამის შესახებ "ხალხის ძალამ" დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„ქართული ოცნებიდან“ „ხალხის ძალაში“ გადაინაცლეს ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნებიდან" გასვლის მიუხედავად, ე.წ. ოთხეულის მსგავსად, მიქელაძეც, სეფაშვილიც, კაჭარავაც, ჯაფარიძეც და ბერაიაც საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.

„ხალხის ძალის“ გუნდში არიან „პოსტივის“ წამყვანები: ნუკრი შოშიაშვილი, იოანე შაიშმელაშვილი, ნიკა ქობულაძე (ნიკუშა მარქსი); ასევე – ექსპერტები: ზურაბ ქადაგიძე, თამთა მეგრელიშვილი, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე და ოთარ ჭულუხაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S