კობახიძე: "ქართული ოცნებიდან" გასულ პირებთან ღირებულებით ნაწილში არსებითი განსხვავება არ არის"
04/10/2022 09:17:47 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიიდან "ხალხის ძალაში" კიდევ 5 დეპუტატის გადასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ღირებულებით ნაწილში მათ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის".
კობახიძის თქმით, „ტაქტიკური შეუთანხმებლობა“ არსებობს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს. „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. ჩვენ მათთან კონსულტაცია გვქონდა და მათი საერთო პოზიცია გვაქვს მოსმენილი იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. მათ შორის ეს ეხება 12 რეკომენდაციის გარშემო პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია", – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რა არის ის საკითხები, რაზეც ხმამაღლა ვერ საუბრობენ და ეთანხმებიან მმართველი გუნდიდან გასულ დეპუტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ არის საკითხები, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრებიან.
„ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით" - აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის: „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა და მას მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი დაემატა. ამის შესახებ "ხალხის ძალამ" დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ქართული ოცნებიდან“ „ხალხის ძალაში“ გადაინაცლეს ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნებიდან" გასვლის მიუხედავად, ე.წ. ოთხეულის მსგავსად, მიქელაძეც, სეფაშვილიც, კაჭარავაც, ჯაფარიძეც და ბერაიაც საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
„ხალხის ძალის“ გუნდში არიან „პოსტივის“ წამყვანები: ნუკრი შოშიაშვილი, იოანე შაიშმელაშვილი, ნიკა ქობულაძე (ნიკუშა მარქსი); ასევე – ექსპერტები: ზურაბ ქადაგიძე, თამთა მეგრელიშვილი, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე და ოთარ ჭულუხაძე.


