Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი – დეოლიგარქიზაციის კანონზე: "სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს"

აშშ–ის ელჩი – დეოლიგარქიზაციის კანონზე: "სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს"

05/10/2022 09:02:59 პოლიტიკა

აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის შესაძლო მიღების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს".

"დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, ანუ რაც იწვევს გავლენას ფინანსურად და სხვა სახით. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის ჩემს ქვეყანაში და ყველა ეძებს საკუთარ გზებს რომ მოახდინოს რეაგირება ამ არასასურველ გავლენაზე. მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის გამართვა და გზების მოძებნა, თუ როგორ შეიძლება გზების მოძებნა. თუ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ მიღებული გარკვეული ზომები, თუმცა ვთვლი, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს. რადგან ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი კონტექსტი", – აცხადებს ელჩი.

3 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფს წარუდგენდენ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც "უკრაინული მოდელის ანალოგია".

ბრიფინგზე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონშია, მათ შორის:

  • "საუბარია მედიაგავლენაზე;
  • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე;
  • მონოპოლისტურ საქმიანობაზე;
  • საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე".

ოხანაშვილის თქმით, ამ ოთხი კრიტერიუმიდან 3 იქნება საკმარისი, რათა პირი მიიჩნიონ ოლიგარქად.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად დეპუტატმა განაცხადა, რომ "კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება":

"ის 3 კრიტერიუმი, რომელიც შემოთავაზებულია, ვერაფრით უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ [დავით] კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, სხვა ფაქტებითა და ოპოზიციის განცხადებებითვე მიჩნეული შეიძლება იქნენ ოლიგარქებად".

როგორც მან აღნიშნა, უკრაინული მოდელისგან განსხვავებით, რომელშიც პირის ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, ქართულ პროექტში ოფიციალურ უწყებად შეთავაზებულია პარლამენტი.

"პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებზე, უნდა მოიძიონ შესაბამის პირებზე ინფორმაცია", -აცხადებს ოხანაშვილი.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი სამუშაო ჯგუფის გარდა, ასევე წარედგინება კომიტეტს, სადაც პროექტის ინიცირებაზე იმსჯელებენ.

4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიიღოს.

საქართველომ 23 ივნისს მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S