სუბარის ანტიდასავლური განცხადება: "ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას"
05/10/2022 07:33:35 პოლიტიკა
მმართველი პარტიიდან გამოყოფილი ჯგუფის "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სოზარ სუბარი ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ევროკავშირის წევრობა ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას გულისხმობს".
მან საკუთარი მოძრაობის მედიაპლატფორმა "პოს ტვ"-ის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ელჩების ნაწილი ამ სუვერენიტეტს "ხელიდან გვართმევენ".
"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რო ჩვენი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბუნებრივად ეს გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას. განსაკუთრებით ევროკავშირის შემთხვევაში ეს სუვერენიტეტის ძალიან სერიოზულ დათმობას გულისხმობს. ამაზე ბრძოლა თვითონ ევროკავშირის შიგნითაც არის... ამავე დროს, როცა იქ მიდიხარ, გარკვეულ სუვერენიტეტს თმობ შენი ნებით, სამაგიეროდ იღებ დიდ დივიდენდებსაც - ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა. ეს არის გარკვეული ღირებულებებიც. მაგრამ ეს ხო არ არის მუდმივა, რომელსაც არ შეიძლება შეეხო. აქაც არის ძალის გადაძალვის მცდელობა... მაგრამ, როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, აქ სხვა თემაა უფრო მნიშვნელოვანი - ის სუვერენიტეტი, რომელსაც პირდაპირ ხელიდან გვართმევენ, არა ის, რასაც ვთმობთ ევროკავშირის გულისთვის, როცა რომელიმე ელჩი თავს უფლებას აძლევს, თითი დაგიქნიოს სახელმწიფოს და გითხრას, შენ ეს კანონი არ უნდა მიგეღო და ამ დროს მას აქვს კანონი, რომელიც ამაზე ასჯერ უარესია დემოკრატიის თვალსაზრისით", - განაცხადა სოზარ სუბარმა 4 ოქტომბერს.
პარტიის "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება "ქართული ოცნების" წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". გუშინ მოძრაობას "ოცნებიდან" კიდევ 5 დეპუტატი შეურთდა. "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად რჩებიან.


