ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება
05/10/2022 10:52:46 პოლიტიკა
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება.
როგორც "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოლაპარაკებების გამართვა ევროკავშირის, გაეროსა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
"მოლაპარაკებების 56-ე რაუნდზე ქართული დელეგაცია მთავარ აქცენტს გააკეთებს მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების აუცილებლობა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება საკუთარ სახლში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლიდან მოყოლებული იმართება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, და წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემაზე ერთადერთ მოლაპარაკებების ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.


