მამუკა მდინარაძე – კელი დეგნანზე: "გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე"
05/10/2022 13:26:06 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანს, მოუწოდებს, "მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე".
"გუშინ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს, დღეს კელი დეგნანი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუკი აქ უფრო მკაფიოობა არ იქნება და თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის, პათოსს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ რეალობას და სპეციფიკას მოერგოს, ამავდროულად, თუ იმას გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლის პრინციპებს, დემოკრატიის პრინციპებს საერთოდ გვერდზე ვდებთ და რაღაც ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება მოხდეს ან კიდევ უარეს შემთხვევაში როგორც შეიძლება მოხდეს, კონკრეტულ ადამიანს შეიძლება პირდაპირ კანონი მოერგოს. ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტე არის საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან“,- განაცხადა მდინარაძემ.
აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის შესაძლო მიღების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს".
"დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, ანუ რაც იწვევს გავლენას ფინანსურად და სხვა სახით. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის ჩემს ქვეყანაში და ყველა ეძებს საკუთარ გზებს რომ მოახდინოს რეაგირება ამ არასასურველ გავლენაზე. მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის გამართვა და გზების მოძებნა, თუ როგორ შეიძლება გზების მოძებნა. თუ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ მიღებული გარკვეული ზომები, თუმცა ვთვლი, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს. რადგან ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი კონტექსტი", – აცხადებს ელჩი.
3 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფს წარუდგენდენ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც "უკრაინული მოდელის ანალოგია".
ბრიფინგზე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონშია, მათ შორის:
- "საუბარია მედიაგავლენაზე;
- პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე;
- მონოპოლისტურ საქმიანობაზე;
- საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე".
ოხანაშვილის თქმით, ამ ოთხი კრიტერიუმიდან 3 იქნება საკმარისი, რათა პირი მიიჩნიონ ოლიგარქად.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად დეპუტატმა განაცხადა, რომ "კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება":
"ის 3 კრიტერიუმი, რომელიც შემოთავაზებულია, ვერაფრით უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ [დავით] კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, სხვა ფაქტებითა და ოპოზიციის განცხადებებითვე მიჩნეული შეიძლება იქნენ ოლიგარქებად".
როგორც მან აღნიშნა, უკრაინული მოდელისგან განსხვავებით, რომელშიც პირის ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, ქართულ პროექტში ოფიციალურ უწყებად შეთავაზებულია პარლამენტი.
"პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებზე, უნდა მოიძიონ შესაბამის პირებზე ინფორმაცია", -აცხადებს ოხანაშვილი.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი სამუშაო ჯგუფის გარდა, ასევე წარედგინება კომიტეტს, სადაც პროექტის ინიცირებაზე იმსჯელებენ.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიიღოს.
საქართველომ 23 ივნისს მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.


