ფილიპ რიკერი: "ჟენევის მოლაპარაკებებზე კვლავ დავადასტურეთ ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ"
05/10/2022 15:58:17 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერი აცხადებს, რომ ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდზე ვაშინგტონმა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.
„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მთხოვა გავმხდარიყავი სამხრეთ კავკასიის საკითხებში უფროსი მრჩეველი. ეს სტატუსი გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობას, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენი ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საჭიროა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაცია და რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით, ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას. თბილისიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლებიც შემომიერთდნენ და ახლა დავბრუნდები ვაშინგტონში და მოვახსენებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანს“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, რიკერმა.
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი გაიმართა.


