ტოივო კლაარი: "დღეს სასარგებლო შეხვედრა იყო და ყველა მოწოდებულია, გააგრძელოს ჟენევის ფორმატში მუშაობა"
05/10/2022 16:02:57 პოლიტიკა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდზე მოსაზრებების ძალიან სასარგებლო გაცვლა-გამოცვლა მოხდა.
როგორც კლაარმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა, დეტალებზე არ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ "შეხვედრა სასარგებლო იყო და ყველა მოწოდებულია გააგრძელოს ჟენევის ფორმატში მუშაობა".
„ის ფაქტი, რომ ჟენევაში შეხვედრა არც მარტსა და არც ივნისში არ გვქონია, თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება იყო, რადგან გვსურდა, დავრწმუნებულიყავით, რომ მიმდინარე და განვითარებული მოვლენები გავლენას არ მოახდენდა მოლაპარაკებებზე. ახლა ვიგრძენით, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის გამართვის დროა და მოხარული ვართ იმ ფაქტით, რომ ყველა მონაწილე დაგვეთანხმა ამაში. ზოგიერთისთვის საკმაოდ პრობლემური იყო ჟენევაში ჩამოსვლა, მაგრამ ყველამ გაიაზრა, რომ მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მონაწილეობა გზის სირთულის მიუხედავად. რაც შეეხება დისკუსიის თემას, ვფიქრობ, მოსაზრებების ძალიან სასარგებლო გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. რა საკვირველია ეს არის ჩვეულებრივი კონტექსტი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა გვქონოდა, დეტალებზე საუბრის გარეშე, სასარგებლო შეხვედრა იყო და ყველა მოწოდებულია, გააგრძელოს ჟენევის ფორმატში მუშაობა“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ტოივო კლაარმა.
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი გაიმართა.


