"ჟენევის დღევანდელი რაუნდი განსაკუთრებით რთული იყო, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია"
05/10/2022 16:10:42 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდზე მოლაპარაკებათა პროცესი განსაკუთრებით რთული იყო.
დარსალიამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციონირება, რაც, მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული იყო 6-პუნქტიანი შეთანხმების საკითხი.
„მოგეხსენებათ, რთული რაუნდი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, დეკემბრის შემდგომ არ გვქონია რაუნდი და არ გვქონდა შესაძლებლობა, გვემსჯელა ამ მნიშვნელოვან პროცესზე და 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა თანათავმჯდომარეებისა და ამერიკელი მონაწილეების აქტიურობას, მათ ძალისხმევას, რომ ეს რაუნდი გამართულიყო. ამ მხრივ მსურს, მათ მადლობა გადავუხადო. მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც არის, გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ვდგავართ, მოხერხდა და შესაძლებელი გახდა ჟენევის შემდგომი რაუნდის ჩატარება. თუმცა აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკებათა პროცესი როგორც ყოველთვის, საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ რაუნდზე განსაკუთრებით რთული იყო. პირველ რიგში იმის გამო, რომ გარკვეული წყვეტა იყო რაუნდებს შორის, ასევე იმის გამო, რომ დღეს საკმაოდ გართულებული უსაფრთხოების გარემოა ჩვენ გარშემო, რაც თავისთავად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ამ წყვეტის გამოც, თანათავმჯდომარეების მხრიდან განსაზღვრული იყო, რომ რაუნდი კონცენტრირებული იქნებოდა მთლიანად 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამ საკითხს ვაყენებთ დღის წესრიგში – ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რასაც ხაზს უსვამს ქართული მხარე და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მთლიანად დაკავშირებულია ქართულ-რუსულ კონფლიქტთან. პირველ რიგში, ეს არის დევნილთა დაბრუნების საკითხი, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ამაზე არ გვქონია რაიმე სახით პოზიტიური გამოხმაურება რუსული მხრიდან, თუმცა პროცესი გრძელდება და ვნახოთ. მოგეხსენებათ, 6-პუნქტიან შეთანხმებაზე საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებას. რეალობა ისაა, რომ რუსეთი არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, დღეს ეს მოცემულობა გვაქვს.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ პოზიციონირებას, რომელიც ჰქონდათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი რთულია. დეტალებზე საუბარი არც მიღებული და არც რელევანტურია. ამხელა წყვეტის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა, შევკრებილიყავით, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს მარტივი არ იყო და ამის უკანაც დიდი ძალისხმევა იდგა. ჩვენ ამ რაუნდებზე იმიტომ მოვდივართ ხოლმე, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, დადგება მომენტი, როდესაც გვექნება შესაძლებლობა, კონკრეტულად ვისაუბროთ კონფლიქტის ეტაპობრივ და ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრაზე“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლაშა დარსალიამ.


