აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: "შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ"
06/10/2022 09:49:47 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსი აცხადებს, რომ "ვაშინგტონისთვის შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანსა და საელჩოზე განხორციელდა".
მისი თქმით, ეს თავდასხმები არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ სიმართლის დაფარვისკენ არის მიმართული.
"მე აქ ვარ, რათა შევხვდე ქართველ ლიდერებს და განვიხილო ჩვენი ქვეყნებისთვის სტრატეგიული ინტერესის რამდენიმე სხვა სფერო: საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო და თავდაცვა. ყველა ამ ჩართულობისას, მოუთმენლად ველი გავაჟღერო ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერი გზავნილი იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც ელჩმა დეგნანმა და მისმა საელჩოს გუნდმა განახორციელეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის და საქართველოს მთავრობისთვის ემუშავათ ჩვენთან ამ საკითხების გადასაჭრელად. ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო დროს. შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის უფრო დიდი დეზინფორმაციის სქემის ნაწილი, რათა გადაფაროს სიმართლე და რეალობა ევროპაში არსებული კრიზისისა, რომელიც ერთი ადამიანის მიერ შეიქმნა", – განაცხადა ჯენკინსმა.
ამასთან, მან საქართველოსა და უკრაინის მიმართ აშშ–ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ "ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს":
"შეერთებული შტატები ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ისევე, როგორც ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის".
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აშშ–საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"შეერთებული შტატებს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს მთელ რიგი სფეროებში, მათ შორის შემდგომი დემოკრატიული განვითარების, საჭირო რეფორმების, ეკონომიკური ზრდისა და დივერსიფიკაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებებით. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობაში ჩვენს პარტნიორებს, "ბიოუსაფრთხოების ასოციაციას ცენტრალური აზიისა და კავკასიისთვის" და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის ხელახლა აღდგენიდან აირჩიეს ევროატლანტიკური გზა. ჩვენთვის პატივია თქვენთან მუშაობა. ამ კონფერენციაზე მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ პანდემიის მართვის პერიოდში მიღებული გამცდილება უნდა გამოვიყენოთ ჩვენს მომავალ ძალისხმევაში, რომელიც მომავალში მიმართული იქნება გლობალურ ჯანდაცვაზე, უსაფრთხოებასა და პანდემიის მართვის მზადყოფნაზე. ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფერო. ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესანიშნავი ხელმძღვანელობა, პარტნიორი, რომელიც გახდა რეგიონალური ლიდერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. C ჰეპატიტის ელიმინაციიდან დაწყებული "Covid 19"-ის მონიტორინგით და მკურნალობით დამთავრებული, მისი მუშაობა ნამდვილად ღირებულია. აქ ვარ იმისათვის, რომ ხაზი გავუსვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი, როგორც შეერთებული შტატების მდივნის მოადგილის შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, არის ბიოუსაფრთხოების ნორმების, მეთოდების, ინსტრუმენტებისა და რესურსების გაუმჯობესება, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა "ბიოლოგიური იარაღის კონვენცია", "გლობალური პარტნიორობა" და "გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგი". ჩემი გუნდი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ გამოწვევების გადასაჭრელად საჭირო ბერკეტებმა ყურადღება და რესურსები მოიპოვონ".
ბონი დენის ჯენკინსი საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.


