ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვან როლს"
06/10/2022 16:01:46 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესტონელ კოლეგასთან ერთად თანათავმჯდომარეობა გაუწია ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიას “მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”.
მთავრობის მეთაური საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.
Delighted to take part in the European Political Community Summit and co-chair discussion on peaceful & secure future of the🇪🇺 with 🇪🇪PM @kajakallas. Thus, we've reiterated 🇬🇪's important role in united Europe. We stand together with our partners in addressing existing challenges pic.twitter.com/Xy8KXP7OZN
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 6, 2022
“მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად.
ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ არსებული გამოწვევების დასაძლევად” - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის:ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილი მაღალი დონის თემატური დისკუსიები პრაღის სასახლეში იმართება.
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს ღონისძიების ორგანიზატორებმა თემატური დისკუსიის - მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე - თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს.
"პრემიერ-მინისტრი, მის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში, განხილულ იქნა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული. აღინიშნა, რომ ახალი პლატფორმა, როგორიც არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, არის მექანიზმი, რომ გაიხსნას დისკუსიები, სადაც საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაზე, რაც მათ სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარებათ. დისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი" - ნათქვამია ინფორმაციაში.


