"უკრაინული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე, არის შესაძლებლობა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ მოიძებნოს გადაწყვეტილება"
07/10/2022 09:03:24 პოლიტიკა
უკრაინული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე არის დამატებით შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ პოლიტიკური ნება აქვთ, მოიძებნოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრა სახელმწიფოს ინტერესებში შედის.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული და გადარჩენილი უნდა იყოს, ამიტომ დიდი ხანია მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ. რაც შეეხება უკრაინული მხარის მოთხოვნას ექსტრადიციის თაობაზე, ეს არის დამატებით შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ პოლიტიკური ნება აქვთ, მოიძებნოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი პატიმრობა ასევე აღრმავებს ქვეყანაში პოლარიზაციას და ამის გადაჭრა შედის სახელმწიფოს ინტერესებში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისათვის: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, უკრაინის სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დაავალა ქართულ მხარეს სააკაშვილის უკრაინისთვის დროებითი გადაცემის თაობაზე მიმართოს, რათა 2018 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვა მოხერხდეს, სადაც სააკაშვილი დაზარალებულად არის ცნობილი.


