წულუკიანი: "შეეძლოთ, დაეკითხათ სააკაშვილი, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ"
07/10/2022 09:32:15 პოლიტიკა
„შეეძლოთ დაეკითხათ სააკაშვილი მანამ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ საქართველოში“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა უკრაინის მხარის მოთხოვნაზე, რომ სააკაშვილი მოწმის სახით გადაყვანილ იქნას უკრაინაში, რადგან იქ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და სააკაშვილი უნდა დაიკითხოს.
წულუკიანის თქმით, სამართლებრივად და თეორიულად, შესაძლებელია სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა ამ მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო, სადაც იმყოფება პატიმარი, ამ შემთხვევაში საქართველო.
„არის თუ არა ეს ტრანსპორტაბელური, ეს ცალკე საკითხია. თვლის თუ არა საქართველოს სახელმწიფო, რომ ის უნდა გადაიყვანონ უკრაინაში დაკითხვის მიზნით, ეს მეორე საკითხია და ამაზე უფლებამოსილმა უწყებამ უნდა უპასუხოს. მე კი ვთვლი, რომ რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან სააკაშვილი ძალიან ბევრი წელი ჰყავდათ იქ, მრავალი წელი მიმდინარეობდა გამოძიება მისი გაძევების საქმეზე და ნებისმიერ დროს შეეძლოთ ეს ადამიანი დაეკითხათ მანამ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ საქართველოში. ეს უფრო ჰგავს საბაბს ჰგავს, ვიდრე საჭიროებას, რომ როგორმე დაბრუნდეს ეს ადამიანი იქ, საიდანაც ჩამოვიდა“, – განაცხადა წულუკიანმა.
უკრაინაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც სააკაშვილი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. საქმე მის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას ეხება. გუშინ სააკაშვილის ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ ტელეკომპანია „მთავართან“ განაცხადა, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს შუამდგომლობა, დასაკითხად სააკაშვილი დროებით უკრაინაში გადაიყვანონ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეატყობინებს. სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანაზე გადაწყვეტილებას თბილისში მიიღებენ.


