ლომჯარია – დეპუტატებს: "მინდა, გისურვოთ, რომ აირჩიოთ ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი"
07/10/2022 18:33:37 პოლიტიკა
“მინდა, გისურვოთ, რომ აირჩიოთ ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი", – ასე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან.
სხდომის დასასრულს ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა კანონმდებლებსა და თავისი ოფისის თანამშრომლებს.
"ასევე ვისურვებდი, რომ ერთად გვეზეიმოს უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება”, – დასძინა ლომჯარიამ.
7 ოქტომბერს, პარლამენტში ლომჯარიამ წარმოადგინა ანგარიში, რომელიც 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხება.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.


