ირაკლი ღარიბაშვილი: "ქართულ ოცნებას“ მთელი საქართველო უსმენს, სუს-იც უსმენს „ქართულ ოცნებას“, რადგან ვართ მმართველი ძალა"
09/10/2022 14:12:06 პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას“ მთელი საქართველო უსმენს, სუს-იც „ქართულ ოცნებას“ უსმენს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სავარაუდო მოსმენებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, „ვიღაცების დამონტაჟებულ საუბრებზე“ და ამ საკითხზე სპეკულაციებს არ აპირებს.
მისი თქმით, "უკანონო მოსმენები არ ხდება და თუ რაიმე მსგავსი ფიქსირდება, ამას გამოძიება გასცემს პასუხს".
„მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი-ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ და თქვენ ნახავთ, რომ დღეს მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი. ნებისმიერ ქვეყანას აქვს მოსმენების საშუალება და ძალიან მარტივია, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომელთაც აქვთ საშუალება, „გატეხონ“ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ა.შ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა რომ აგიხსნათ. არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია. გეტყვით, რომ ეს თემები ჩემთვის საინტერესო არ არის, თუ გამოძიებისთვის რაიმე საინტერესო იქნება, ამას გამოძიება გასცემს პასუხს“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ.


