კლაუს იოჰანისი: "ჩვენთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა"
11/10/2022 11:09:32 პოლიტიკა
რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, ქვეყანა უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად რუმინეთში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა.
„ჩვენ ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენი ფიზიკური კავშირები შავ ზღვაში და შავი ზღვის რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრინველსაყოფად. სწორედ ამიტომ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება რუმინეთ-საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და იქნება მწვანე კორიდორი ელექტროენერგიის, დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვას. რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე განვითარება სხვადასხვა მიმართულების – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რუმინეთ-საქართველოს შორის, ასევე, ციფრული ურთიერთობები ევროკავშირ-საქართველოსა და ზოგადად ცენტრალურ აზიას შორის.
გარდა ამისა, საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ტრანსპორტის კორიდორზე, რომელიც იქნება საქონლის, სხვადასხვა პროდუქტის კორიდორი შავი ზღვისა და კასპიის ზღვას შორის. ეს იქნება რუმინეთის ინიციატივა, რომ განვავითაროთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები საქართველოს კონტექსტში. ასევე, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ზოგადად კავშირის გასაუმჯობესებლად ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.


