იონათამიშვილი – ხარჩილავაზე: "შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია"
12/10/2022 08:55:17 პოლიტიკა
მმართველი პარტიიდან საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ წალენჯიხის მერის მანქანის დაწვაზე პოლიტიკური მოტივებზე საუბარი უხერხულია. გია ხარჩილავას მანქანის დაწვაზე მას ჟურნალისტებმა პარლამენტში დაუსვეს კითხვა.
"თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რა საკვირველია, ეს არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია არავის გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულირებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს", - თქვა პარლამენტის დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან".
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ამბობს, რომ მას სახლთან გაჩერებული მანქანა დაუწვეს. ამ შემთხვევას ის თავის საქმიანობას უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი მერია.


