Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ФСБ-ს ბრალდებაზე: "საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია"

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ФСБ-ს ბრალდებაზე: "საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია"

12/10/2022 10:56:39 პოლიტიკა

"საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია – თუ ეს სპეკულაციაა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ, მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა",- ასე ეხმიანება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ФСБ–ს ბრალდებას, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორია გაიარა.

მისი თქმით, იგი არ არის ვალდებული ოკუპანტის ბრალდებებს უპასუხოს, რომლის უკანაც არგუმენტები არ დგას.

"კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით საბაჟო სამსახურს. რაც შეეხება ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე მე თავი უნდა ვიმართლო?! ასე ფიქრობთ? თუ ეს სპეკულაციაა, ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, დანარჩენი თუ ეს სპეკულაციაა, ამას ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს და მე არ მაქვს კომპეტენცია მათ ნაცვლად ვისაუბრო, მე არ მაქვს არც ამის უფლებამოსილება. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის და არც ჩემი კომპეტენციაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილში კომენტარი მე გავაკეთო, არ არის ჩემგან სწორი და არ გავაკეთებ,"- განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის: რუსეთის ФСБ–მ ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რვა ადამიანი დააკავა, აფეთქების ორგანიზატრად კი უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს ასახელებს.

რუსული ФСБ ირწმუნება, რომ ტვირთის ბულგარულიდან ქართულ პორტში გადმოტანაში და შემდეგ სომხეთში გადაზიდვაში ჩართულები იყვნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალი (დაბადებული 1975 წელს), დენის კოვაჩი (1979) და რომან ივანოვიჩ სოლომკო (1971), საქართველოს საქართველოს მოქალაქე სანდრო ინასარიძე და ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი (1985 წ.).

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ტვირთი 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე განაბაჟეს ერევნის ტერმინალში და მოხდა დოკუმენტების შეცვლა, რის შემდეგაც ტვირთის გამგზავნი გახდა სომხეთში რეგისტრირებული კომპანია „გუ არ ჯი გრუპი“, ხოლო მიმღები მოსკოვში რეგისტირირებული „ლიდერი“.

უწყებისვე ვერსიით, ამის შემდეგ საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა DAF-ით ტვირთმა 4 ოქტომბერს გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი „ზემო ლარსის“ პუნქტში, 6 ოქტომბერს ჩაიტანეს და გადმოტვირთეს კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის საბითუმო ბაზაზე, ხოლო 7 ოქტომბერს რომან სოლომკოს, უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქის – ვლადიმირ ზლობას და რუსეთის 5 მოქალაქის დახმარებით, ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა და გამგზავნად მიუთითეს ქალაქ ულიანოვსკში რეგისტრირებული კომპანია „ტეკ-34“, ხოლო მიმღებად ყირიმში არარსებული ფირმა. 7 ოქტომბერს ტვირთი გადაიტანეს რუსეთის მოქალაქის მახირ იუსუბოვის სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც სიმფეროპოლისკენ გაემართა, 8 ოქტომბერს კი ხიდზე მისი აფეთქება განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S