ევროპული საბჭო: "საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ მიიღება"
12/10/2022 12:02:31 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს განცხადებით, "ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ იყოს მიღებული".
მისი ცნობით, ელჩებმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებითაც.
ევროპული საბჭოს განცხადებით, ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ აღიარებული არ არის ან არაღიარების პროცესშია.
მისი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას და საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, საზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად.
ჩეხეთი, როგორც ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, მზადაა ევროპარლამენტთან დისკუსიების დასაწყებად.
ევროკავშირმა 9 სექტემბერიდან სრულად შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი.


