კელი დეგნანი – ФСБ-ს ბრალდებაზე: „ბევრი სპეკულაციაა"
12/10/2022 15:40:14 პოლიტიკა
ბევრი სპეკულაციაა,– ასე ეხმიანება საქართველოში აშშ–ის ელჩი რუსულ ვერსიას ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მტკიცებას, რომ სატვირთომ 22 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ვიდრე ის საბოლოო ჯამში ყირიმის ხიდზე მოხვდებოდა.
„არის ბევრი სპეკულაცია, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არავს არ აქვს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია, ვუზრუნველყოფთ მათ ყველანაირი საშუალებით, აღჭურვილობით, სწავლებებით, რომ დაიცავნ საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამას გავაგრძელებთ“,– განაცხადა ელჩმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
***
რუსული ФСБ ირწმუნება, რომ ტვირთის ბულგარულიდან ქართულ პორტში გადმოტანაში და შემდეგ სომხეთში გადაზიდვაში ჩართულები იყვნენ უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეებიდან სახელდებიან სანდრო ინასარიძე და ბროკერი სახელად ლევანი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ტვირთი 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე განაბაჟეს ერევნის ტერმინალში და მოხდა დოკუმენტების შეცვლა, რის შემდეგაც ტვირთის გამგზავნი გახდა სომხეთში რეგისტრირებული კომპანია „გუ არ ჯი გრუპი“, ხოლო მიმღები მოსკოვში რეგისტირირებული „ლიდერი“.
უწყებისვე ვერსიით, ამის შემდეგ საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა DAF-ით ტვირთმა 4 ოქტომბერს გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი „ზემო ლარსის“ პუნქტში, 6 ოქტომბერს ჩაიტანეს და გადმოტვირთეს კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის საბითუმო ბაზაზე, ხოლო 7 ოქტომბერს რომან სოლომკოს, უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქის – ვლადიმირ ზლობას და რუსეთის 5 მოქალაქის დახმარებით, ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა და გამგზავნად მიუთითეს ქალაქ ულიანოვსკში რეგისტრირებული კომპანია „ტეკ-34“, ხოლო მიმღებად ყირიმში არარსებული ფირმა. 7 ოქტომბერს ტვირთი გადაიტანეს რუსეთის მოქალაქის მახირ იუსუბოვის სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც სიმფეროპოლისკენ გაემართა, 8 ოქტომბერს კი ხიდზე მისი აფეთქება განხორციელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კომენტარი ორი შესაბამისი უწყებიდან გაკეთდა.
"ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა", – ასე ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ФСБ–ს ბრალდებას.
მისი თქმით, "საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს".
"საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია – თუ ეს სპეკულაციაა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ, მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა",- თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, იგი არ არის ვალდებული ოკუპანტის ბრალდებებს უპასუხოს, რომლის უკანაც არგუმენტები არ დგას:
"კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით საბაჟო სამსახურს. რაც შეეხება ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე მე თავი უნდა ვიმართლო?! ასე ფიქრობთ? თუ ეს სპეკულაციაა, ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, დანარჩენი თუ ეს სპეკულაციაა, ამას ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს და მე არ მაქვს კომპეტენცია მათ ნაცვლად ვისაუბრო, მე არ მაქვს არც ამის უფლებამოსილება. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის და არც ჩემი კომპეტენციაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილში კომენტარი მე გავაკეთო, არ არის ჩემგან სწორი და არ გავაკეთებ".


