13-10-2022 01:46:11 მითები და რეალობა
ტაქსის მძღოლები ჩვენში განსაკუთრებული კატეგორიაა. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად კარგი მოსაუბრე არაა, არც ერთნაირად თავაზიანი, მგზავრობის ფასიც უსაშველოდ გაიზარდა... მაგრამ მთლიანობაში, მიყვარს მათთან ურთიერთობა. ისინი ხომ დღის განმავლობაში უამრავ კლიენტს ეკონტაქტებიან და მშვენივრად იციან საზოგადოებრივი განწყობები, - როგორც იტყვიან, ქვეყნის პულსზე აქვთ თითი…
ბოლო ჩემი მგზავრობა განსაკუთრებული აღმოჩნდა – პირველად შემხვდა მძღოლი, უკმაყოფილო იმით, რომ პატრული ქრთამს არ იღებს: “საქართველოში ცოტა ხნის წინ დავბრუნდი. მანამდე წლები რუსეთში გავატარე. ახლა მოსკოვიდან გამოვიქეცი. რამდენიმე დღის წინ დავლიეთ ბიჭებმა, ვიჯექით ერთხანს, ვიბაასეთ და დავიშალეთ. წამოვედი სახლში. უკვე კორპუსის ეზოში, როცა მანქანიდან გადმოვედი, პატრული მომადგა. საბუთები შემიმოწმეს და ის რაღაც გამომიწოდეს – ალკოტესტერი თუ რაცაა. ვუთხარი, ბიჭებო, სულ ცოტა მაქვს დალეული, თან რომ მოხვედით, საჭესთანაც კი აღარ ვიყავი და გაგიჭირდებათ დარღვევის დამტკიცება, ჰოდა აიღეთ აგერ ასი ლარი – და მშვდობიანად დავიშალოთ-მეთქი… არაფრით არ ქნეს! რა არის ახლა ეს? რა საჭიროა ასეთი სისულელის გამო ერთმანეთისთვის პრობლემის შექმნა? იქ – რუსეთში ასე არ ხდება, ყველაფერი უფრო მარტივია და იცით, ისე მერჩივნა: დაარღვიე? - გადაიხადე ქრთამი! ესეც ხომ თავისებური დასჯაა? - ერთი-ორჯერ რომ გადაიხდი, კანონთან ზედმეტი პრობლემების გარეშე დაჭკვიანდები. თან იმ პოლიციელისთვისაც ხეირია – ოჯახი მანაც ხომ უნდა არჩინოსო?!”.
შემდეგ ნელ-ნელა გადავიდა საბჭოური წარსულის მიმართ ნოსტალგიაზე: სიამოვნებით იხსენებდა “თბილისი-მოსკოვის” ავიარეისის 37-რუბლიან ბილეთს, იმას, თუ როგორ “აღმერთებდნენ ქართველ კაცებს რუსის ქალები”, რომ საერთოდაც, “სსრკ-ში ქართველები მეფეებივით იყვნენ”, რომ “ბინებიც უფასოდ რიგდებოდა, კორპუსებში გათბობაც უფასო იყო, სწავლაც, პროდუქტები კი - გაცილებით ხარისხიანიც და იაფიც”, როგორ “თავისუფლად იშოვებოდა კარგი ურთიერთობის დროს რუსეთში “ვითომ ღვინისა” და “ვითომ ბორჯომის” გატანით ფული”…
აი, თანამედროვე საქართველოში ყოფა კი მას, როგორც აღმოჩნდა, რთულად და მოჟამულად ესახება: “მართალია, აღარ არის “რკინის ფარდა” – გადი, სადაც გინდა, ნახე, რაც გინდა... დიახ, ქვეყანაში ფართო არჩევანი გაჩნდა, თანაც ყოველგვარი რიგების გარეშე... საკუთარი პროდუქციის ევროპაში გატანა და ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაც კია შესაძლებელი, მერე დაბრუნება და კარგი სამსახურის შოვნა – ის კი არა და თანამდებობასაც შეიძლება, გამოჰკრა ხელი... მაგრამ ეს ყველაფერი – კანონის, წესების, ნორმების მკაცრად დაცვის, მუხლჩაუხრელი შრომის პირობებში... მითხარით ახლა, ასეთები ვართ კავკასიელები? არის ეს ჩვენს ბუნებაში, თავი რაიმე მკაცრ ჩარჩოებში მოვიქციოთ, ყველაფერში წესებს დავემორჩილოთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ? - მე ამის არ მჯერა! და ნუ იტყვიან, რაკი ადრე სახელმწიფო კანონი არ კანონობდა, განუკითხაობა იყოო: თბილისის ლამის ყოველ უბანში იჯდა “კანონიერი ქურდი” და მშვენივრად არეგულირებდა ყველაფერს! თანაც მაშინ უმაღლესს ყველა ამთავრებდა – გონებაჩლუნგიც კი არ რჩებოდა უდიპლომოდ: ყველა ოჯახს ჰქონდა საშუალება, ფული შეეგროვებინა და შვილი უმაღლესში მოეწყო. ან მედიცინა ავიღოთ თუნდაც: შენ ფული თქვი, თორემ ცუდი ექიმები გვყავდა? - მისცემდი ფულს და ისეთ ოპერაციას ჩაგიტარებდნენ, მსოფლიოში რომ არსად კეთდებოდა! კი, ფულს რომ იღებდნენ, ცუდია, მაგრამ ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ, ოჯახები ჰყავდათ სარჩენი, რა ექნათ?!… და თუ ნაცნობი გყავდა გავლენიანი, მაშინ ხომ საერთოდ მეფურად იცხოვრებდი!... სხვა დრო იყო ადრე, უკეთესი, ახლანდელი ადამიანური ურთიერთობები არ ჯდება ჩვენს ბუნებაში… მე პირადად რუსეთში მიჯობს – იქ თითქმის არაფერი შეცვლილა: გინდა, იცხოვრო? - უნდა გაინძრე, მიდგე, მოდგე, მაგრამ “გაიშნიკსაც” მოურიგდები და ყველა დანარჩენსაც…”.
დისკუსიაში არ შევსულვარ – დროც აღარ მქონდა, დანიშნულების პუნქტს ვუახლოვდებოდით. ამიტომაც ვერ შეიტყო ჩემგან, რომ ბოლო წლების საქართველოში, სამწუხაროდ, უკვე ბევრი რამ დაბრუნდა საბჭოური წარსულის მის მიერ ჩამოთვლილი “სიკეთეებიდან” და რომ ეს სულ უფრო მეტად გვამსგავსებს თანამედროვე რუსეთს. ეგ არაფერი: დროთა განმავლობაში ყველაფერში თავად გაერკვევა. მხოლოდ რამდენიმე კითხვით მივმართე: “და როგორაა რუსეთში კანონის მსგავსი “უზენაესობის” პირობებში საქმე ადამიანის უფლებების დაცულობის კუთხით? გრძნობდით იქ ყოფნისას თავს დაცულად? თუ ვინმე, ვინც თქვენზე ძლიერია, უფრო გავლენიანი, თქვენს უფლებებს დაარღვევდა, შეძლებდით მათ აღდგენას სასამართლოს გზით? აქვთ რუსეთის რიგით მოქალაქეებს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ? სჯერათ სამართლიანობის? გრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის?”. პასუხი მოკლე იყო: “ამ მხრივ საქმე რთულადაა”…
ყოველი ჩვენგანი (სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ) თავად წყვეტს, რა უფრო მნიშვნელოვანია: შესაძლებლობა, პოლიციელს ქრთამის წყალობით მოელაპარაკო, თუ იქონიო სამართლიანი სასამართლოს, საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის გარანტია; სათანადოდ მომზადებულმა მიიღო კარგი განათლება უმაღლეს სასწავლებელში (მათ შორის – ევროპულში) და ამით უკეთესი მომავლის მყარი საფუძველი შეიქმნა, თუ დარჩე უვიცად ნაყიდი დიპლომით – იმის იმედად, რომ რომელიმე ნაცნობი ჩინოსანი არ შეუშინდება ნეპოტიზმში ბრალდებას, თანამდებობის დაკარგვას და მოგაწყობთ სამსახურში, რომელიც ცოდნას არ საჭიროებს, თუმცა შესაბამისადაც ანაზღაურდება, მერე კი ყოველდღიურ შიშში იცხოვროთ, რომ მას თანამდებობიდან მოხსნიან და სამსახურს ავტომატურად თქვენც დაკარგავთ; რუსებისთვის 1 ლიტრი დაძმარებული ღვინის 3 ლარად მიყიდვა ნებისმიერ მომენტში “როსპოტრებნადზორის” (ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული) შემოწმების მოლოდინში, თუ პატიოსანი შრომით დამზადებული ხარისხიანი პროდუქციის ევროპაში 7-8 ევროდ გატანა და, რაც მთავარია, გასაღების სტაბილური, სამართლიანი ბაზარი; “ეკოლოგიურად სუფთად” გასაღებული გენმოდიფიცირებული პროდუქტისა და ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საშიში საშენი მასალების იაფად შეძენა, თუ ხელისუფლების იძულება, ევროპული რეგულაციები დააწესოს და გქონდეთ გარანტია, რომ ხარისხიანი პროდუქტის ცოტა უფრო ძვირად შეძენით თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას არ ავნებთ; იყოთ “მეფე” უკანონობის ქვეყანაში, თავადაც არღვევდეთ კანონს და ცხოვრობდეთ მუდმივ შიშში, რომ კანონი თქვენს მიმართაც დაირღვევა, თუ იყოთ კანონმორჩილი მოქალაქე საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის მყარი გარანტიით...
ყველა ამ შემთხვევაში “თუ”-ს მარცხნივ არის ის, რასაც დღეს რუსეთსა და მისი სატელიტი რეჟიმების მიერ მართულ ქვეყნებში ვხედავთ, ხოლო მარჯვნივ - ის, რაზეც უკვე მრავალი წელია, მყარად დგას “გახრწნილი” და “გამხრწნელი” ევროპა. რაღა თქმა უნდა, პერიოდულად პრობლემები იქაც იქმნება, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში. მაგრამ სწორედ ეს ფუძემდებელი პრინციპები, დამყარებული კანონის, ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზენაესობაზე, იძლევა ყოველ ჯერზე ამ პრობლემებთან იმგვარად გამკლავების შესაძლებლობას, რომ განვითარების გზა გაგრძელდეს, არ მოხდეს სტაგნაცია და მით უფრო რეგრესი. სწორედ ეს აძლევს ევროპას საშუალებას, დარჩეს სხვადასხვა ეთნოსების, კულტურების, ტრადიციების, რელიგიური მრწამსისა და შეხედულებების წარმომადგენლების მშვიდობიანი და ღირსეული თანაცხოვრების სივრცედ.
დიახ, კრემლისა და მისი სატელიტი რეჟიმების სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანა ძლიერია, თუმცა ინტერნეტის ხანაში ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში ადვილად დაადგინოს რეალობა და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი.
როცა დღევანდელ საქართველოში მავანთაგან კვლავ გაიგონებთ რუსეთის მიმართ დითირამბებსა და დასავლეთის კრიტიკას, მოიძიეთ ინტერნეტში ბოლო პერიოდში პუტინის რეჟიმის მიერ მიღებული გამაოგნებელი კანონები, წაიკითხეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეძლებდით ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას?
მერე გაეცანით 12 პირობას, რომელიც ევროპამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს განუსაზღვრა, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს. როცა კვლავ მოისმენთ მავანთაგან იმ სრულ სიცრუეს, რომ სტატუსს თურმე, “ისედაც ყოველმხრივ ვიმსახურებდით”, დასავლეთმა კი “დაგვსაჯა”, რადგან რუსეთთან ომში “თავი არ ჩავათრევინეთ”, უბრალოდ ჰკითხეთ საკუთარ თავს, მართლაც აკმაყოფილებს საქართველო ამ 12 პირობიდან არათუ ყველას, ერთს მაინც? და ბოლოს ისიც ჰკითხეთ, არ ისურვებდით, გეცხოვრათ ისეთ საქართველოში, რომელშიც ყველა ეს პირობა რეალურად იქნება დაკმაყოფილებული?