მოსკოვიდან პრაღამდე: სამხრეთ კავკასიის ორწლიანი გზა

13-10-2022 15:54:41 კავკასია ,ანალიზი

2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება ექსპერტთა დიდი ნაწილის მიერ უკვე შეფასდა „ისტორიულად“.

სანამ ამ შეთანხმების შეფასებაზე გადავალთ, მიმოვიხილოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადღეისოდ არსებული მდგომარეობა, ამ ქვეყნების მიზნები და მათ წინაშე მდგომი გამოწვევები.

2020 წელს შეცვლილი რეალობა

ყარაბაღის 2020 წლის ომის შედეგებმა სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების მანძილზე არსებული სტატუს-კვო რადიკალურად შეცვალა. აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი ტერიტორიების დიდი ნაწილი, ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გარშემო არსებული რაიონები და უშუალოდ ავტონომიური ოლქის სამხრეთი.

ომის შედეგად დამდგარი ახალი რეალობა მომგებიან მდგომარეობაში აყენებდა ყველას, სომხეთის გარდა:

აზერბაიჯანმა შეძლო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი აღდგენა. აზერბაიჯანულმა არმიამ თავი წარმოაჩინა, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარმა სამხედრო ძალამ, რომელსაც წარმატებით შეუძლია დასახული ამოცანების გადაჭრა.

თურქეთი პირველად გახდა პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტის აქტორი და ყარაბაღში დამკვირვებლის როლი ერგო.

მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთიც, რომელმაც ყარაბაღში სამშვიდობო ძალები განალაგა. ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რადგან ყარაბაღი იყო პოსტსაბჭოთა სივრცის ერთადერთი კონფლიქტური რეგიონი, სადაც რუსი სამხედროები არ იდგენენ. ამავე დროს აზერბაიჯანი იყო სამხრეთ კავკასიის ერთადერთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ იდგა. დამატებით, რუსეთმა განიმტკიცა სამხრეთ კავკასიის „ჟანდარმის“ და „მთავარი მომლაპარაკებლის“ როლი, რადგან ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულება მისი აქტიური ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

სომხეთისთვის კი ომის შედეგები დამანგრეველი აღმოჩნდა. ერევანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი კოზირი - ყარაბაღის გარშემო დაკავებული რაიონები ისე დაკარგა, რომ სანაცვლოდ არაფერი მიუღია. არადა, ათწლეულების მანძილზე ამ ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემის სანაცვლოდ ყარაბაღის სტატუსის სომხური პოზიციის გათვალისწინებით განსაზღვრა აქტიურად განიხილებოდა. სომხეთმა დაკარგა კონტროლი უშუალოდ ყარაბაღის სამხრეთ ნაწილზეც. ამასთანავე, მან მიიღო დევნილთა ნაკადები და შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე. ამავე დროს, არ შემცირებულა ერევნის მოსკოვზე დამოკიდებულების ხარისხი, რადგან ყარაბაღის პრობლემა სომხური პოლიტიკის დღის წესრიგიდან არ გამქრალა.

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ პირდაპირი გავლენა იქონია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე. ჯერ კიდევ ომის დასაწყისში აზერბაიჯანმა ისარგებლა შექმნილი ვითარებით და ყარაბაღში დაიკავა რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არსებული მცირე ტერიტორიები, საიდანაც აღარ გასულა.

ცოტა ხანში ბაქოს კონტროლის ქვეშ გადავიდა ლაჩინის დერეფანი, რომელიც ყარაბაღისა და სომხეთის რესპუბლიკის დამაკავშირებელი ზონაა. სანაცვლოდ აზერბაიჯანმა ვადაზე ადრე დაასრულა ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომელიც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის. ამ ნაბიჯით ბაქომ ერთის მხრივ, არ შეზღუდა ყარაბაღსა და სომხეთს შორის გადაადგილების შესაძლებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, ყველა გზა მოჭრა ყარაბაღში შეიარაღების შესატანად.

უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობების ფონზე სომხეთთან მიმართებაში აზერბაიჯანის პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ილჰამ ალიევმა კარგად იგრძნო ახალი შესაძლებლობების მომენტი და ყველაფერს აკეთებს შექმნილ ვითარებაში მაქსიმუმის მისაღებად. იმ პირობებში, როდესაც ყარაბაღის მილიტარიზაციის რისკი მინიმიზებულია და უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობის გამო რუსეთი სამხრეთ კავკასიისთვის ვერ იცლის, ერევნის მიმართ ბაქოს მოთხოვნები ყარაბაღის საკითხს გასცდა. ახალ რეალობაში აზერბაიჯანი უფრო დიდი მიზნების მიღწევას ცდილობს.

ასეთად, პირველ რიგში, სიუნიქის (ზანგეზურის) დერეფნის გახსნა განიხილება, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის და უმოკლეს გზას წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიის ძირითადი ნაწილის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დასაკავშირებლად. ნახიჩევანის ექსკლავთან სახმელეთო კომუნიკაცია ჯერ კიდევ ირანის ტერიტორიის გავლით ხორციელდება, აზერბაიჯანს კი ამ გზის დამოკლება სურს. დერეფნის გახსნის შემთხვევაში სახმელეთო გზა მნიშვნელოვნად დამოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორისაც.

ამ მოთხოვნის დაყენებისას აზერბაიჯანი ეყრდნობა 2020 წლის 10 ნოემბერს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მე-9 პუნქტს, რომელიც რეგიონის ყველა სატრანსპორტო საკომუნიკაციო არხის განბლოკვას ითვალისწინებს. მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიას შორის კომუნიკაცია. ბაქო ერევანს შეთანხმების ამ ნაწილის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. თუმცა ამ მოთხოვნებში აზერბაიჯანი კიდევ უფრო შორს მიდის და მოითხოვს, სიუნიქის (ზანგეზურის) დერეფნის უსაფრთხოება თავად უზრუნველყოს.

ეს მიუღებელია ერევნისთვის, რადგან დერეფანი გადის სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შიგნით და ერევანს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავად სურს. სომხური მხარის ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ შეთანხმების მე-9 პუნქტის მიხედვით, უსაფრთხოება სწორედ სომხეთის რესპუბლიკამ უნდა უზრუნველყოს და არა რომელიმე სხვა მხარემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტში გაწერილია შესრულების ვადები, მე-9 პუნქტში კი ვადები დაზუსტებული არ არის, რაც ერევანს პროცესის გაჭიანურების შესაძლებლობას აძლევს.

იმავე პუნქტში არსებული კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ტვირთების მონიტორინგის უფლებამოსილება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურს ენიჭება, დღეს მიმზიდველად არც ერთი მხარისთვის აღარ ჟღერს.

2022 წლის სექტემბრის ესკალაცია

2022 წლის სექტემბერში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი სამხედრო ესკალაცია მოხდა. შეტაკებების შედეგად ორივე მხარემ 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შეტაკებები უჩვეულო მოვლენა არ არის და 2020 წლის ომამდე არაერთი ასეთი ეპიზოდი ყოფილა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური - 2016 წლის აპრილში.

უკვე ტრადიციულად, ორივე მხარე ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდა. სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. ბაქო ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სახელმწიფოთა შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი დასრულებული არ არის.

2022 წლის სექტემბრის ესკალაციის მთავარი მიზეზი სიუნიქის (ზანგეზურის) დერეფანზე შეუთანხმებლობაა. უკრაინაში ომის წარუმატებელი მიმდინარეობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ხედავს შესაძლებლობების ფანჯარას და სომხეთზე ზეწოლას აძლიერებს.

უსაფრთხოების თეორიული გარანტიები, რომელიც სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ფორმატში გააჩნია, თეორიულად დარჩა. კოხო-ს წევრმა ქვეყნებმა (მათ შორის რუსეთმა) მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს, მაშინ, როდესაც პირდაპირი ვალდებულება ჰქონდათ, სომხეთს სამხედრო ძალით დაჰხმარებოდნენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ყაზახეთმა აზერბაიჯანის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.

თუ 2020 წელს კონფლიქტში კუხო-ს არჩარევა იმით მართლდებოდა, რომ ორგანიზაციის ფორმატი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას არ ფარავდა, 2022 წელს ასეთი მიზეზი აღარ არსებობდა. სომხეთი, რომელიც ამ მომენტისთვის ორგანიზაციას თავმჯდომარეობს, ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ სრულიად მარტო დარჩა.

ვითარების დამშვიდება და ესკალაციის შეჩერება მხოლოდ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ერევანში ვიზიტის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ამავე დროს, 2020 წლის ნოემბრის მსგავსად, სომხეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. იმის მიუხედავად, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ამჯერადაც მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება (ძირითადად - რეალური ალტერნატივის არარსებობის გამო), მას ბეწვის ხიდზე უწევს გავლა თავისი ქვეყნისთვის რეალური მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

კონფლიქტის მხარეთა ამოცანები და კომპრომისის პოვნის შესაძლებლობა

აზერბაიჯანის მთავარი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო აღდგენა და სიუნიქის (ზანგეზურის) დერეფნის უსაფრთხოების მყარი გარანტიებით დროული გახსნაა. აზერბაიჯანი დღეს სომხეთზე გაცილებით ძლიერია. ამას ემატება ისიც, რომ ამ დაპირისპირებაში ბაქო მარტო არ არის, ჰყავს რა ძლიერი და საიმედო მოკავშირე თურქეთის სახით.

მოკავშირის გარეშე დარჩენილი სომხეთის ამოცანაა, ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს იქ მცხოვრები სომხური მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და ამავდროულად მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი სიუნიქის (ზანგეზურის) დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც ერთის მხრივ, მისაღები იქნება აზერბაიჯანისთვის და მეორეს მხრივ, ნაკლებად დამამცირებელი თავად სომხეთისთვის.

ათწლეულების განმავლობაში რუსეთზე მიბმული უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლა ერევნისთვის წარმოუდგენლად რთული ამოცანაა. რუსული გავლენების დაძლევა ერთბაშად ვერ მოხერხდება. ამისთვის ძალიან რთული და ხანგრძლივი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ამ მხრივ ბევრი რამ, მაგალითად, გიუმრის ბაზის საკითხი, რომელსაც 2010 წელს მანდატი 49 წლით გაუგრძელეს, დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის საბოლოო შედეგზე.

სომხეთისთვის ერთ-ერთი გამოსავალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციაში, მათ შორის - დასავლეთთან მაქსიმალურ დაახლოებაში. ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება, განხილული იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმზე შეთანხმება სიუნიქის (ზანგეზურის) დერეფნის საკითხთან დაკავშირებით, რასაც, მაღალი ალბათობით, აზერბაიჯანიც დასთანხმდება.

ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დღეს აზერბაიჯანი გაცილებით მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება დასავლეთისთვის, რადგან ის რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების ერთ-ერთ რეალურ ალტერნატივად განიხილება. ამ თემაზე ილჰამ ალიევსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეთანხმება მიმდინარე წლის ივლისში უკვე შედგა და ეს კიდევ ერთი შანსია რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად, რადგან ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ბაქოსაც სჭირდება.

დასავლეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი და საჭიროება პრაქტიკულად გამორიცხავს სომხეთის სუვერენული ტერიტორიების აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციის რისკს, რისიც სომხურ საზოგადოებაში ბევრს ეშინია. რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების პარალელურად, დასავლეთი აზერბაიჯანის მხრიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას არ შეიწყნარებს.

სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორია ორი ქვეყნის ლიდერთა როლიც. ილჰამ ალიევი უკვე გამოცდილი და ძალიან პრაგმატული პოლიტიკოსია. ნაკლებ სავარაუდოა, მან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც აქამდე მიღწეულ შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ალიევს კარგად ესმის საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი, მისი ქვეყნის შესაძლებლობები (რომელიც უსაზღვრო ნამდვილად არ არის) და დასავლეთთან მწვავე კონფრონტაციაზე არ წავა.

მნიშვნელოვანია ნიკოლ ფაშინიანის როლიც, რომელიც ასევე კარგად აცნობიერებს შექმნილი ვითარების სირთულეს და დაინტერესებულია თავისი ხალხისთვის მშვიდობის მიღწევაში. მოცემულ მომენტში ფაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ნებისმიერი რევოლუციური სცენარი და შიდა პოლიტიკური არეულობა შეიძლება, აღმოჩნდეს გზა ახალი ომისკენ, რაც სომხეთის სახელმწიფოებრიობას უმძიმესი გამოწვევების წინაშე დააყენებს.

პრაღის შეთანხმების მნიშვნელობა

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შუამავლობით გაიმართა. ალბათ, 2022 წლის დასაწყისში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ შესაძლებელი იყო ამ ორი ლიდერის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა ვლადიმირ პუტინის გარეშე.

ფოტოზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში

უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობა პუტინისთვის სულ უფრო მეტად კონვერტირდება პოლიტიკური გავლენების დაკარგვაში და ამ კონტექსტში არც სამხრეთ კავკასიის რეგიონია გამონაკლისი. რუსეთს სამხრეთ კავკასიისთვის აღარ სცალია და, როგორც ჩანს, არც არავინ აპირებს, იმ მომენტს დაელოდოს, როდესაც ის ამისთვის მოიცლის.

სამხრეთ კავკასიაში ცხოვრება პუტინის გარეშეც გრძელდება და შესაბამისად, დიდი და პატარა მოთამაშეები ახალ რეალობაში თავისი ინტერესების რეალიზებას მაქსიმალურად ცდილობენ.

მაკრონისა და მიშელის შუამავლობით პრაღაში მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ 2 თვის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს იმუშავებს ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია. ამრიგად სომხეთი გახდება სამხრეთ კავკასიის მეორე სახელმწიფო, რომელშიც ევროკავშირის მსგავსი მისია დაიწყებს მუშაობას. საზღვარზე ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების გარდა, მისიის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის საკითხი 2020 წლის ომის შემდეგ გააქტიურდა და პროცესი ორი წლის მანძილზე რთულად მიმდინარეობს. მხარეებს უჭირთ ძირითად პრინციპებზე შეთანხმება, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთ მათგანს დღემდე არ დაუსრულებია მსგავსი პროცესი ორივესთან მეგობრულ ურთიერთობებში მყოფ საქართველოსთან.

ძნელი სავარაუდოა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ამ პროცესს დააჩქარებს და ორი თვის შემდეგ მხარეები საზღვრებთან დაკავშირებით ყველაფერზე შეთანხმდებიან.

ამის მიუხედავად, პრაღის შეთანხმება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მხარეები რაღაცაზე რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ. შეგვიძლია, ვივარაუდოთ ისიც, რომ ეს შეთანხმება, როგორც მინიმუმ, ორი თვით უზრუნველყოფს მშვიდობას და ომით გადაღლილ ორ საზოგადოებას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, პრაღის შეთანხმება შეიძლება, იყოს მხოლოდ დასაწყისი უფრო დიდი პროცესებისა. ორი თვის განმავლობაში რუსეთი უკრაინაში ვერც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს და არც ბოლომდე დამარცხდება. შესაბამისად, მას კვლავ არ ეცლება სამხრეთ კავკასიისთვის. სწორედ ამიტომ, შეიძლება, იმედი დავიტოვოთ, რომ ევროკავშირის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი შეთანხმების მიღწევაც იქნება შესაძლებელი.

სასაზღვრო ზოლში წარმატებული მუშაობის შემთხვევაში შეიძლება, გაჩნდეს შესაძლებლობა, მსგავსი მანდატით ევროკავშირი გამოჩნდეს სიუნიქის (ზანგეზურის) დერეფანშიც, რაც ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფს.

სად არის საქართველო?

საქართველოს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში უკვე ისტორიულად ჩამოყალიბებული ნეიტრალური პოზიცია აქვს. თბილისი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

მსგავსი პოზიცია შეინარჩუნა საქართველომ ყარაბაღის მეორე ომის დროსაც, თუმცა გარკვეული პოზიტიური როლის თამაში შეძლო კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის საკითხში. თბილისის პოზიტიური როლი არაერთხელ იქნა ხაზგასმული როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის, ისე დასავლელი პარტნიორების მიერ.

ამმხრივ მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა 2022 წლის ივნისში თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასაც. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

სამშვიდობო პროცესში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე პრაღის სამიტის შემდეგ ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც, რასაც მისი პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადება ცხადყოფს.

რამდენად შეუძლია საქართველოს, უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ პროცესში? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სწორი პოზიციის მიუხედავად, ვითარების ცვლილებასთან ერთად მიდგომების ცვლილების საკითხიც დგება დღის წესრიგში. სამწუხაროა, რომ საქართველოს როლზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაცილებით მეტი ისაუბრა, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია, თუმცა ამავე დროს მეტად აქტიურიც იყოს. მისასალმებელია საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი მუდამ მზადაა, სურვილის შემთხვევაში მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერი სივრცე დაუთმოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს. თუმცა თბილისი არა მხოლოდ უნდა დაელოდოს მსგავსი სურვილის გამოთქმას, არამედ თავადაც უნდა იყოს მსგავსი შეხვედრების ინიციატორი.

საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ორივე დაპირისპირებულ მხარესთან მეგობრული ურთიერთობები აქვს. თბილისს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისთვის (1918 წლის 28 მაისს ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა თბილისში გამოაცხადა), რაც შესაძლებელს ხდის, მხარეთა შეხვედრები აქ უფრო ინტენსიურად იმართებოდეს.

საქართველოს ნამდვილად აქვს შანსი, რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში გაცილებით აქტიურად იყოს ჩართული.

თუმცა ერთია ქვეყნისთვის არსებული შესაძლებლობები, მეორე - პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილი, ეს შესაძლებლობები გამოიყენოს. სამწუხაროდ, თბილისი ინიციატივას დაპირისპირებული მხარეებისგან ელოდება, რაც მას მოლაპარაკებების სოლიდურ მოდერატორად ნამდვილად არ წარმოაჩენს.

დასკვნის მაგიერ...

სომხეთისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაც. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აქტიურად განიხილება სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხი (საწყის ეტაპზე - მესამე ქვეყნებისთვის). დაინიშნა პირდაპირი ავიარეისები ერევანსა და სტამბოლს შორის.

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი ამ მხრივაც მნიშვნელოვანი გამოდგა. არაფორმალურ ვითარებაში აზერბაიჯანისა და უნგრეთის ლიდერების თანამონაწილეობით ერთმანეთს ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.

პრაღის სამიტის შემდეგ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრაც გაიმართა, რომლის შედეგადაც სომხეთისა და თურქეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთისა და თურქეთის ლიდერებს სურვილის შემთხვევაში ორჯერ შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სომხეთისა და თურქეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირშიც მოხვდნენ. 2008 წლის 6 სექტემბერს ერევანში გამართულ მატჩს თურქეთის მაშინდელი პრეზიდენტი აბდულა გიული დაესწრო, რაც ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენა იყო.

პრაღის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე ერდოღანმა გიულის ერევანში ვიზიტი გაიხსენა და ის დიდ შეცდომად შეაფასა. ამის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, 2023 წლის 25 მარტს ერევანში გასამართ მატჩს ერდოღანი დაესწროს. თუმცა თუ ფაშინიანი 8 სექტემბერს საპასუხო მატჩზე დასწრების სურვილს გამოთქვამს, სავარაუდოდ, თურქული მხარისგან უარს არ მიიღებს.

და ბოლოს, საქართველოს პოზიტიური როლის თამაში თურქეთსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესშიც შეუძლია - რა თქმა უნდა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილისა და მეტი აქტიურობის შემთხვევაში.

დავით ბრაგვაძე

სპეციალურად „აქცენტისთვის“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები