ოპოზიციის ნაწილი კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს
13/10/2022 14:02:41 პოლიტიკა
დღეს "ვაკის პარკში" მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.
„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა დედაქალაქში, უმძიმესი ამბავი მოხდა. მე მინდა, პირველ რიგში, ცხადია, მივუსამძიმრო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ჯანმრთელობა ვუსურვო კიდევ ერთ ბავშვს, რომელიც ახლა იბრძვის სიცოცხლისთვის. უბრალოდ ახლა გაჩუმება უკვე არის დანაშაული იმიტომ, რომ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავენ კორუფციულად და მხოლოდ ფულისთვის, მომხვეჭელობისთვის, იმიტომ, რომ მეტი ფული იშოვონ, არად დაუდევთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. უკაცრავად, ორი შვილი მყავს, ისინიც დადიან სკვერებში, თამაშობენ და დღეს უკვე უსაფრთხო აღარ არის აბსოლუტურად არაფერი. ჯერ ჭერი ჩამოვარდა ვარკეთილის მეტროში და ღმერთით, გადარჩნენ ადამიანები, მერე გაჩერება ლამის დაეცა მოქალაქეებს ვაკეში, ახლა ვხედავთ, რომ სათამაშოდ წასული ბავშვი აბსოლუტურად მშვიდობიან, წყნარ გარემოში, თურმე შესაძლოა, იყოს საშიში. ამასობაში მერმა გახსნა სკვერი და თქვა, „იცით რა, კომპანია...“ კომპანია კი არა, ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. ესენი არიან მკვლელები და ქურდები. სანამ ამ ნაძირალებს არ დავარქმევთ სახელს, არაფერი არ გვეშველება. ყველა დღე არის სახიფათო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ეს ადამიანები კი გამოდიან და კომპანიას აბრალებენ. კომპანია კი არა, თითოეული ადამიანი მერიიდან, ვინც არის დაქირავებული და პასუხისმგებელია ამაზე, ნება იბოძოს და ყველა იყოს დასჯილი. მათ შორის, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. კატეგორიულად მოვითხოვ, სასწრაფოდ, მერმა აიღოს პასუხისმგებლობა", – აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.
თბილისის საკრებულოს და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა მას არ სჯერა, რომ კალაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს:
"უნდა დაისაჯონ პასუხისმგებელი ადამიანები, ზოგადად, მერიასთან მიმართებაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსგავსი ტიპის კონტრაქტორები იქნებიან, თუ ისინი, ვისაც საქმე აბარია, არ არიან პროფესიონალები. ზოგადად, საზოგადოება და ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენს საქმეში, რასაც ვაკეთებთ, არ ვართ პროფესიონალები".
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ჰყავს:
„როცა მილიონები იხარჯება ბიუჯეტიდან, პომპეზურად იხსნება ეს ყველაფერი და მეორე დღეს ეს უბედურება ხდება, სწორედ ამიტომ არის საჭირო პოლიტიკურ და პერსონალურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმიტომ რომ მომავალში ასეთი უბედურება არ მოხდეს და არავის აღარ შეეხოს ასეთი მძიმე მოვლენა, როგორიც დღეს ჩვენ ვიხილეთ".
„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დეპუტატი ხათუნა სამნიძე მოითხოვს კახა კალაძის გადადგომას. „გადადგეს! უნდა გადადგეს!" - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე სამნიძე.
„ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს:
"ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ჩვენი ქალაქის მთავრობას, ჩვენი ქალაქის მერს, ის უნდა გადადგეს. უნდა გადადგეს და მთელი მთავრობაც გადადგეს. თანამედროვე სისტემები გულისხმობს იმას, რომ თუ რაღაც ხარვეზია, ავტომატურად ითიშება. ესეც არ არის გაკეთებული. საბჭოთა კავშირშიც არ ვართ, იმის იქით ვართ".
ცნობისთვის: "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
გუშინ განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ. მან დღეს განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.


