დეპუტატი ამილახვარი – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: „ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“
13/10/2022 11:18:43 პოლიტიკა
„ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე.
ამილახვარმა თქვა, რომ რეკონსტრუქციის მიმდინარეობისას, ბუნებრივია, შეიძლება იყოს „ტექნიკური შეფერხება“, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა რეაბილიტირებული შადრევანი, სადაც ბავშვებს დენმა დაარტყა, იქვე მდებარე მცირე კასკადთან ერთად, წინა დღეს, 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა. ძირითადი კასკადის რეაბილატია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ. ჩაუვარდა ბურთი. ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი. არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიდინარეობს რეკონსტრუქცია და, ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და გამოიწვიოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს — არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად? [უსაფრთხოების ზომები] ცხადია, უნდა იყოს“, — მიმართა ამილახვარმა ჟურნალისტებს.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა – დაიღუპა.
გიორგი ამილახვარის კომენტარი ჩაწერილია მანამდე, სანამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გახდებოდა ცნობილი.
განახლება
ამილახვარმა საკუთარი კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა.


