"იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები"
13/10/2022 14:54:31 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისში, "ვაკის პარკში" მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და იმედს, გამოთქვამს, რომ "გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები".
„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს. ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები”, - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
გუშინ განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ. მან დღეს განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.


