"გუშინ დიდი უბედურება დატრიალდა, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს და მეგობრებს"
14/10/2022 10:06:18 პოლიტიკა
"მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.
„გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დენმა დაარტყა, სტაბილურია. ბავშვი იაშვილის კლინიკაში რჩება. იგი კონტაქტურია და სავარაუდდო, რამდენიმე დღეში გაწერენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
მომხდარის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.
12 ოქტომბერს განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.


