საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას ეწვია
17/10/2022 07:04:32 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. პრეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში.
დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან.
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა.
ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ.


