"რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია საქართველოს მომავლის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს"
17/10/2022 09:23:06 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია საქართველოს მომავლის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს". ამის შესახებ მან მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთონ სახელმწიფოებმა იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენი პასუხი ამაზე არის კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა ევროკავშირთან და ჩვენს გზაზე ურყევი სიარული, რომ ეს გზა ვერაფერმა შეგვიცვალოს“.
„საჰაერო სივრცის დარღვევა ეს არის იგივე, რაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი ქმედება. ჩვენც ამ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის მუდმივი დარღვევა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის. ამაში არ არის არაფერი ახალი რუსეთის მხრიდან, როდესაც მიმდინარეობს სრულყოფილი აგრესია თავისი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ჩვენი პასუხი ამაზე არის კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა ევროკავშირთან და ჩვენს გზაზე ურყევი სიარული, რომ ეს გზა ვერაფერმა შეგვიცვალოს. ეს არის საქართველოს მიდგომა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად - ყოველდღიურად საოკუპაციო ხაზის შეცვლის, ჩვენი მოქალაქეების გატაცებების მიუხედავად ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგანაც ვიცით, რომ რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია შეგვაცვლევინოს ეს გზა, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


