"ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, ეს ჩვენი მოქალაქეების ძალით ჩართვაა უსამართლო ომში"
17/10/2022 09:29:37 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, რაც თანამოქალაქეების ძალით ჩართვაა უსამართლო ომში". ამის შესახებ მან მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და ალბათ, მსოფლიოსთვის მთლიანად და ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყანისთვის, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია და კიდევ უფრო მძაფრია მას შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა თავის ტერიტორიაზე, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის", – განაცხადა ზურაბიშვილმა.


