Accentnews.ge
სომხეთში საქართველოდან ჩავლენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები

სომხეთში საქართველოდან ჩავლენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები

17/10/2022 15:54:27 პოლიტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს სომხეთშიც გაგზავნიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„ევროკავშირის 40-მდე ექსპერტ-დამკვირვებლის განთავსება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მიზნად ისახავს ნდობის გამტკიცებას არასტაბილურ ვითარებაში, რის გამოც საფრთხის ქვეშ დგება ადამიანების სიცოცხლე და კონფლიქტის მოგვარების პროცესი ირღვევა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ევროკავშირის სრული ერთგულების სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის საბოლოო მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.

სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განლაგების შესახებ შეთანხმებას ოქტომბრის დასაწყისში პრაღაში გამართულ მოლაპარაკებაზე მიიღეს. მასში მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის და ევროპის კავშირის ხელმძღვანელები.

ექსპერტები სომხეთში საქართველოდან გაემგზავრებიან. აქ ისინი 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იმყოფებიან 200-წევრიანი სამოქალაქო მისიით. ექსპერტები საქართველოში განთავსებული მისიიდან მაქსიმალურად სწრაფად შეუდგებიან სომხეთში მუშაობას. ამავე დროს, როგორც ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ამით საქართველოში მოქმედი მისია არ დაზარალდება.

სომხეთში ექსპერტების განთავსების მიზანი იქნება დაკვირვება, სიტუაციის ანალიზი და ანგარიშების მომზადება რეგიონში ვითარების შესახებ. მისია დროებითია და ის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში განლაგდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პირველი, ტექნიკური შეფასების ჯგუფი სომხეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S