კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გენერალური პროკურორის არჩევის წესის თაობაზე
17/10/2022 16:02:07 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით. თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
ამასთანავე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.
ცვლილებებზე მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტს საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ აქვს და კონსტიტუციურ-სამართლებრივი კუთხით შინაარსობრივად გაუმართავია.
„ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ შემოთავაზებულია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისეთი მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია და ამასთანავე, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება. ამის მიღების ერთადერთი გამართლება მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს დროებითი წესი, რათა ჩვენ ეს პუნქტი ჩაგვეთვალოს შესრულებულად და საბოლოოდ მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ერთადერთი ამ ლეგიტიმური მიზნით შეიძლება იყოს ეს დროებით წესი გამართლებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეების“, „ლელოს“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პლენალურ სხდომაზე ხვალ, 18 ოქტომბერს განიხილავენ და კენჭი პირველი მოსმენით ეყრება. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.


