დავითულიანი: "ვინც [ენმ-ს] ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა დააბრალა, თქვა დიდი სისულელე"
18/10/2022 10:54:55 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რამდენიმე თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის დაბრალება "დიდი სისულელე" იყო. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, როცა პასუხობდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბოტკოველს.
"ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის დაბრალება თქვენთვის, დაბრალება უაპელაციოდ, "ქართული ოცნების' წევრმა დაგაბრალათ თუ ვინ დაგაბრალათ, გეთანხმებით, ვინც ეს პირველი დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე. გულწრფელად ვამბობ. მსგავსი სიტუაციებით მანიპულირება არ შეიძლება. სისულელე თქვა იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა. მაგრამ, ისეთები გქონდათ გაკეთებული, ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო. დღეს თქვენ იგივენაირად, უსაფუძვლოდ იშვერთ ხელს და არავის არ სჯერა იმიტომ, რომ ამის გამკეთებელი, ხელის დამფარებელი და ა.შ. არავინ არ არის", -განაცხადა ბექა დავითულიანმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის "ვაკის პარკის" შადრევანში დენის დარტყმით დაღუპვაზე საუბრის დროს ამბობდა, რომ არავინ "ნადირობს" ტრაგედიაზე და სახელისუფლებო პარტიას წლების წინ მომხდარი შემთხვევა გაახსენა:
"გაგახსენეთ თქვენს "ნადირობას" ტრაგედიაზე. გახსოვთ, ბარბარე რაფალიანცის საქმე; გახსოვთ, რა ხდებოდა და რა განცხადებებს აკეთდებდნენ თქვენი ლიდერები?! ბევრს შეიძლება არ გახსოვთ იმიტომ, რომ მაშინ "ქართული ოცნების" წევრები არ იყავით და ბევრი თქვენთაგანი "ხუთიანს" ხაზავდით. შეგახსენებთ, როგორ იდგნენ თითოეულ საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და როგორ ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ესენი ["ნაციონალური მოძრაობა"] მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ "ხუთიანი". 10 წელია ხელისუფლებაში ხართ, რამე შედეგი დადო გამოძიებამ?".
10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" მანანა ბერიკაშვილმა მისი ოპონენტი, გურჯანიის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში. გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია იკვეთებოდა თუ არა ვინმეს დანაშაული ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის საქმეში.


