„უფსკრულის ზღვარზე“: რუსეთში დემოგრაფიულ კატასტროფას პროგნოზირებენ

18-10-2022 16:32:13 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, პანდემიის ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს თავისუფალ ვარდნას დემოგრაფიულ უფსკრულში,– იუწყება moscowtimes.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად 4 ტრილიონი რუბლის ღირებულების ეროვნული დემოგრაფიის პროექტის არსებობისა, შვილების გაჩენის თაობაზე მოწოდებების, „გეი პროპაგანდის“ აკრძალვისა და „ტრადიციული ღირებულებების“ პოპულარიზაციის მცდელობებისა, ქვეყანაში შობადობა იკლებს: როსსტატის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში რუსეთში შობადობა კიდევ 6%-ით შემცირდა (დაიბადა 872,4 ათასი ბავშვი), ხოლო შობადობის ფარდობითი კოეფიციენტი - 9 ბავშვი 100 000 ადამიანზე - ყველაზე დაბალია 2000 წლის შემდეგ.

შობადობის „ფსკერი “, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს დადგინდა პოსტსაბჭოთა ეკონომიკური კატასტროფის შემდეგ, მომავალ წელს გაირღვევა, თუ უკრაინაში ომი გაგრძელდება, – პროგნოზირებს გაიდარის ინსტიტუტის დემოგრაფი იგორ ეფრემოვი.

შარშან დაბადებულთა რაოდენობა 1,3 მილიონიდან 1,2 მილიონამდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს - 1 მილიონამდე შემცირებას პროგნოზირებენ, რაც ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) აბსოლუტური მინიმუმი იქნება – ფიქრობს ეფრემოვი.

„ოჯახების უმეტესობის ბავშვის ყოლის დაგეგმვის ჰორიზონტი მთლიანად უნადგურდება და რაც დიდხანს გაგრძელდება მობილიზაცია, მით უფრო ძლიერი იქნება ნეგატიური ეფექტი“,– ამბობს ეფრემოვი.

ბოლო 2,5 წლის განმავლობაში რუსეთმა მოსახლეობის ბუნებრივი შემცირების შედეგად 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა. და მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პიკის შემდეგ სიკვდილიანობამ კლება დაიწყო, 2022 წლის მხოლოდ იანვარ-აგვისტოში კიდევ 424,9 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, მიგრანტების ნაკადი, რაც წლების განმავლობაში ავსებდა დემოგრაფიულ ხარვეზებს, უკან გაბრუნდა, ხოლო ომის დაწყებისა და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

სამხედრო კამპანიის გაგრძელება მომავალი წლის გაზაფხულამდე „დემოგრაფიულ კატასტროფად გადაიქცევა, – თვლის ეფრემოვი: შობადობის სპეციალური კოეფიციენტი შეიძლება, დაეცეს 1,2 ბავშვამდე, რაც ყველაზე დაბალია 1999 წლის შემდეგ, თუმცა 7 წლის წინ ეს იყო 1,78.

მთავარი მიზეზად სახელდება გაურკვევლობა: ბევრი ოჯახი ამჯობინებს, ბავშვების დაბადება გადადოს მდგომარეობის სტაბილიზაციამდე, – ამბობს რუსეთის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის უფროსი თანამშრომელი ელენა ჩურილოვა.

”2023 წელს ჩვენ დავინახავთ შობადობის შემდგომ შემცირებას,” - ამბობს ის.

ჯერ კიდევ 2018 წელს მოითხოვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობის გადაშენების შეჩერება და 2024 წლისთვის მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა ეროვნული პროექტების ერთ-ერთ მიზნად დასახეს. 2020 წელს, პანდემიის ფონზე, ამ გეგმამ 2030 წლისთვის გადაინაცვლა, მაგრამ სასურველი მაჩვენებლების მიღწევა ასეთ პერიოდშიც შეუძლებელი იქნება, – ნათქვამია დახურულ ანგარიშში, რომელიც რუსეთის მთავრობამ აგვისტოს ბოლოს განიხილა. მინისტრთა კაბინეტის გამოთვლებით, რომელსაც Bloomberg ავრცელებს, რუსეთის მოსახლეობა 8 წელიწადში 416,7 ათასი ადამიანით შემცირდება.

გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი კიდევ უფრო სავალალო სურათს ასახავს. გაეროს შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა 2050 წლისთვის 145 მილიონი ადამიანიდან 133 მილიონამდე შემცირდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები