Accentnews.ge
პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გენპროკურორის არჩევის ახალ წესს

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გენპროკურორის არჩევის ახალ წესს

18/10/2022 16:56:30 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ადგენს.

პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით. თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

კანონპროექტი პირველი მოსმენით, 126 ხმით მიიღეს და მას „ქართულ ოცნებასთან" ერთად, მხარი დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ, ასევე, „ლელოს", „გირჩის" და „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკურმა ჯგუფებმა.

როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ეს მოდელი მიიღება, როგორც დროებითი, საგამონაკლისო წესი, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთ-ერთი პირობის შესრულებას უზრუნველყოფს.

​„ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ შემოთავაზებულია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისეთი მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია და ამასთანავე, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება. ამის მიღების ერთადერთი გამართლება მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს დროებითი წესი, რათა ჩვენ ეს პუნქტი ჩაგვეთვალოს შესრულებულად და საბოლოოდ მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ერთადერთი ამ ლეგიტიმური მიზნით შეიძლება იყოს ეს დროებით წესი გამართლებული“, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა ჯერ კიდევ საკომიტეტო მოსმენაზე.

„ქართულმა ოცნებამ" გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული ხედვა 1 სექტემბერს წარადგინა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაშინვე განმარტა, რომ დოკუმენტი ზუსტად იმ შინაარსის არის, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაამატა, რომ ამ კანონპროექტს ანალოგი არ აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. „ამას აქვს მარტივი მიზეზი: მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს აღარ შევჩერდები. გავიხსენებ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, შარშან, ჩვენი გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა. თუმცა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პროექტის წარდგენის დღეს.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს. ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს პროკურატურის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ მუშაობის უზრუნველყოფა.

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S