რუსეთი ხერსონის დასატოვებლად მოემზადა: რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქალაქს

19-10-2022 11:32:36 ანალიზი

უკრაინის შეიარაღებულ ძალების კონტრშეტევისთვის წინააღმდეგობის გაწევის ორთვიანი მცდელობის შემდეგ, რუსული არმია ემზადება დატოვოს ხერსონი - უკრაინის სამხრეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, რომელიც ომის პირველივე კვირებიდან რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმონდა და სადაც „რეფერენდუმი“ ჩატარდა რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე,– აღნიშნავს რუსული გამოცემა moscowtimes.

გამოცემა მიუთითებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ომს უკრაინაში) ზონაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების ახლადდანიშნული მეთაურის სერგეი სუროვიკინის პირველ საჯარო ინტერვიუზე: მან ხერსონის ირგვლივ შექმნილ ვითარებას "რთული" უწოდა.

გამოცემა იხსენებს, რომ ივლისსა და აგვისტოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდები დნეპერზე, რომლებიც ამარაგებდა რუსულ დაჯგუფებას ხერსონში, ხოლო გასულ კვირას დაარტყეს ყირიმის ხიდს – ბოლო "სასიცოცხლო გზას", რომლის მეშვეობითაც ქალაქში ნახევარკუნძულის გავლით საბრძოლო მასალები შედიოდა.

ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სუროვიკინმა 18 ოქტომბერს, ავის პირველ საჯარო ინტერვიუში თქვა, ”ჩვენ ვიმოქმედებთ გააზრებულად, არ გამოვრიცხავთ რთული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას”.

ჯერ კიდევ გასულ კვირას იუწყებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი, რომ საოკუპაციო ადმინისტრაციის თანამდებობის პირების, ასევე ბანკებისა და საპენსიო ფონდის ქონების ევაკუაცია დაიწყო ქალაქიდან.

სამშაბათს, 18 ოქტომბერს რეგიონის რუსეთის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელმა“ ვოლოდიმირ სალდომ გამოაცხადა მშვიდობიანი მოსახლეობის "ორგანიზებული გადაადგილების" დაწყება უკრაინელი სამხედროების შეტევის ფონზე. ბერისლავის, ბელოზერსკის, სნიგირევსკის და ალექსანდროვსკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებისთვის ევაკუაცია დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანა დაანონსდა.

„უკრაინული მხარე აგროვებს ძალებს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის. რუსეთის ფედერაციამ ჩამოაყალიბა სამხედრო ჯგუფი ამ შეტევის მოსაგერიებლად. ამ დაპირისპირების ბრძოლის ველი შეიძლება, იყოს ჩვენი მიწა, ხერსონის რეგიონის მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები“, - განაცხადა სალდომ ვიდეომიმართვაში.

მისი მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას და დნეპრის ზემოთ ელექტროსადგურების კასკადიდან წყლის გამოდევნას გეგმავენ, რითაც ტერიტორია დაიტბორება.

გამოცემის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონიდან უკვე დაიწყეს იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც თანამშრომლობენ საოკუპაციო რეჟიმთან. ქალაქში, რომელიც მდებარეობს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონიდან დაახლოებით 80 კილომეტრში, ახლა უამრავი რუსული სამხედრო და ტექნიკაა.

უკრაინის სარდლობა კი 19 ოქტომბერს იტყობინება, რომ რუსული ჯარები ზომებს იღებენ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის ფარულად გასაყვანად რეგიონიდან:

„ამ მიზნით ხერსონის ოლქის ტავრისკის და ნოვაია კახოვკას დასახლებებში მტერი ბლოკავს მობილურ კავშირს და ინტერნეტს“.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსული არმია გასული კვირიდან ემზადებოდა უკრაინული ძალების ხერსონში შესასვლელად, რომლებსაც 7 ოქტომბრის მდგომარეობით, ქალაქს 30 კილომეტრზე ნაკლები აშორებდათ.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ხერსონი როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის ერთ–ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

„ვინც ხერსონს გააკონტროლებს, ის გააკონტროლებს უკრაინის სამხრეთის მიმართულებას. თუ უკრაინელები ხერსონს გაწმენდენ, შემდგომში ექნებათ გარკვეული პლაცდარმი, მოახდინონ გაჭრა ყირიმზე და ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე დაიწყონ მუშაობა. სამხრეთ მიმართულების გაწმენდა კი ვერ მოხდება ხერსონის აღებამდე. ამჟამად ტაქტიკური ოპერაციები ხორციელდება ხერსონის მიმართულებაზე. უკრაინელები ახლოს არიან ქალაქთან, მაგრამ მანამდე არის გაშლილი ტერიტორიები გასაწმენდი რუსებისგან, რის შემდეგაც სავარაუდოა, რომ ეს ძალები თავს მოიყრიან ქალაქში, მაგრამ თუ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იქნებიან, შესაძლოა, ქალაქიც დატოვონ. ვფიქრობ, უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონის დაბრუნების შემდეგ ძალიან სწრაფად გაიწმინდება სამხრეთის მიმართულება: აქ რელიეფი არაა იმგვარი, ხანგრძლივი თავდაცვითი ოპერაციები აწარმოონ რუსულმა ძალებმა. ეს ადგილი სავსეა ჭაობებით და რეალურად, იქ ბრძოლა და თავდაცვით პოზიციაში გამაგრება მხოლოდ დასახლებულ პუნქტებშია შესაძლებელი – ხერსონი – ნოვა–კახოვკას მიმართულებაზეა საუბარი“,– განმარტა „აქცენტთან“ სამხედრო მიმომხილველმა გიგა ინაშვილმა.

ვიდრე ფრონტის ხაზი იშლება, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზროვნება მკვდარ წერტილშია შეფერხებული: გამოაცხადა მობილიზაცია პირველად რუსეთისთვის 1941 წლის შემდეგ, ის კვლავ ოცნებობს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდებაზე, – განუცხადეს Bloomberg-ს ოფიციალურმა პირებმა და კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა.

მათი თქმით, კრემლთან დაახლოებული ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთს კვლავ შეუძლია, დაიბრუნოს ინიციატივა ბრძოლის ველზე, ღრმად შევიდეს უკრაინაში და რამდენიმე დიდი ქალაქიც კი დაიკავოს. მათ შორისაა ხარკოვი, საიდანაც უკრაინელებმა გადევნეს რუსული ძალები და ოდესა, სადაც რუსულმა ჯარებმა ვერ მიაღწიეს.

ხერსონის გათავისუფლება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ის თავის ნაწილად გამოაცხადა, იქნება უდიდესი მოტივაცია უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დეოკუპაციის გზაზე, ხოლო პუტინისთვის სილა, რომელიც მას უკრაინელებმა უკვე არაერთგზის უთავაზეს 24 თებერვლიდან მოყოლებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები