"კანონი ვერც ზედმეტად ლმობიერი იქნება და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ"
19/10/2022 08:22:11 პოლიტიკა
"კანონი ვერც ზედმეტად ლმობიერი იქნება და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ", – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ "ვაკის პარკში" მომხდართან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს
„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის მთავრობის სხდომა ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით გაიხსნა. განცხადების შემდეგ თბილისის მერმა მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის გარეშე დაასრულა.
პარალელურად დედაქალაქის მერიასთან შეკრებილი არიან საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. დეპუტატებმა გააპროტესტეს, რომ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დედაქალაქის მთავრობის პირველი სხდომის დღის წესრიგში შეტანილია სულ 12 საკითხი, მათ შორის ფესტივალის ორგანიზება და თემურ ყვითელაშვილის კონცერტის დაფინანსება.


