კალაძე „ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის" ოპოზიციას აკრიტიკებს
19/10/2022 08:32:50 პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან.
„ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს“,- აღნიშნავს კალაძე.
ცნობისთვის: ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. დაშავებულთაგან ერთ–ერთი მოზარდი დაიღუპა.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. შსს-ს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი. უწყების ცნობით, ვაკის პარკის შადრევანში 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა.


