Accentnews.ge
საკრებულოს დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

საკრებულოს დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

19/10/2022 08:27:12 პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს წევრები "ლელოდან", "ნაციონალური მოძრაობიდან" და ანა დოლიძის პარტიიდან "ხალხისთვის" თბილისის მერიის შენობაში არ შეუშვეს. მათ სურდათ დასწრებოდნენ მთავრობის სხდომას და მერისთვის კითხვები დაესვათ "ვაკის პარკის" საქმეზე.

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციონერებს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს, დეპუტატები კი ამბობენ, რომ როგორც საკრებულოს წევრებს, სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება ჰქონდათ.

როგორც "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.

"ის თავს გრძნობს კომფორტულად შეშინებულ, ტრავმირებულ ბავშვთან ერთად, როცა ფოტოსესიაში აღებინებს მას მონაწილეობას და ამითაც აჩვენებს მის სრულ დეგრადაციას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აფურთხებს სულში. იქ, სადაც არსებობს რეალური კითხვები, კითხვების დასმის საშუალებას არ იძლევა და ეშინია. შეშინებული მერი დიდხანს და სრულყოფილად ვერ გააგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას. პოლიტიკური ქულების დაწერა იყო გუშინდელი ამაზრზენი შოუ, სადაც კალაძის მაისურიანი ფოტოსესია მოაწყო ბავშვთან, რომელიც იმყოფება პოსტტრავმულ შოკში. ეს არის პოლიტიკური ქულების დაწერა და პასუხისმგებლობიდან გაქცევა, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა იმიტომ, რომ შეუძლებელია, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელო მუშაობა მაშინ, როცა თბილისში ასეთი მასშტაბის ტრაგედია მოხდა"- განაცხადა ბუაძემ.

დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომა ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით გაიხსნა. კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომა ჩვეული ფორმატით ვერ გაიმართებოდა და საზოგადოებისთვის მიმართვის შემდეგ, რამდენიმე წუთში სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 9 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე - გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში საქმე ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S