გოცირიძემ დარჩიაშვილს “კარტოგრაფების საქმე“ შეახსენა: "გისაუბრიათ თუ არა თქვენს კოლეგასთან აზერბაიჯანში და რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა?"
20/10/2022 11:12:39 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე “კარტოგრაფების საქმით" დაინტერესდა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მიმართა კითხვით, "რა ნაბიჯები გადაიდგა დავით გარეჯთან დაკავშირებით'.
“თქვენ ახსენეთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდით. რატომ არ გქონდათ მასთან დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი? ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორი უდანაშაულო მეცნიერი დააპატიმრეს, რომელიც თქვენს უწყებაში მუშაობდა. რა ნაბიჯი გადაიდგა დავით გარეჯთან დაკავშირებით? გისაუბრიათ თუ არა თქვენს კოლეგასთან აზერბაიჯანში და რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომლის საფუძველზეც უდანაშაულო ხალხი დააპატიმრეთ?! სად არის რაიმე ნაბიჯი?! ორი წლის განმავლობაში იქ მდგომარეობა გაუარესდა, დგას სასაზღვრო ჯარი, მაშინ როდესაც მანამდე გარეჯში მისვლა ყველას შეეძლო - როგორც სასულიერო პირებს, ასევე ტურისტებს“, - მიმართა დეპუტატმა მინისტრს.
ცნობისთვის: პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.


