Accentnews.ge
"მეორე ფრონტი არ გავხსენით": „ქართული ოცნების“ რეაქცია ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების სანქცირებაზე

"მეორე ფრონტი არ გავხსენით": „ქართული ოცნების“ რეაქცია ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების სანქცირებაზე

20/10/2022 13:36:45 პოლიტიკა

უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ივანიშვილის ახლო გარემოეცვის წევრებისთვის სანქციების დაწესებას პირველი კომენტარები მოჰყვა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ამჟამად საქართველოში მმართველ პარტიას წარმოადგენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მათ აქცენტი კვლავ „მეორე ფრონტზე“ გააკეთეს.

„ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდნენ. რადგან ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, სხვა სტრატეგიას მიადგნენ. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ, ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასეთ აბსურდულ დასაბუთებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაზე, არ ვიცი, შეიძლება, ომში მყოფი სახელმწიფო აძლევდეს თავს უფლებას და ამას ბედავდეს, მაგრამ არ მგონია, ნორმალურმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ვინმემ დედამიწის ზურგზე იცის ამის დასაბუთება, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი? სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ანდობენ ბატონ ზურაბ ადეიშვილს, გასაგებია, რომ სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, რომელსაც შეიძლება არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს“,– თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის ნათესავების მოხვედრის მიზეზად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასახელებს იმას, რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი არ გაიხსნა.

„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი არის დანილოვი, რომელიც მოგვიწოდებს ომისკენ, მეორე ფრონტისკენ, მეტი კომენტარი ამაზე არ მაქვს. დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. რისთვის ცდილობს დაშანტაჟებას? მეორე ფრონტისთვის. ლოგიკა თქვენთვის მომინდია “, – განუცხადა მან TV პირველს.ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ივანიშვილიც მოხვდეს სიაში, კობახიძე პასუხობს: „მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება, დანილოვი და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ“.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის ნათესავები არ მოხვედრილიყვნენ სანქცირებულთა სიაში, კობახიძე ამბობს: „მეორე ფრონტი არ გავხსენით“.

შეკითხვაზე, სად ჩანს, რომ ამ მიზეზით მოხვდნენ ისინი სანქცირებულთა სიაში, კობახიძე ამბობს, რომ მეორე ფრონტის გახსნისკენ დანილოვი მოუწოდებს საქართველოს.

„არ სჭირდება [ივანიშვილს] დაცვა. მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებაში ახსნილი არ არის, რატომ დასანქცირდნენ ეს ადამიანები:

„არანაირი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არიან ისინი პრეზიდენტის ამ ბრძანებულებაში, არ ჩანს. ამიტომ, ვერ გეტყვით. უკრაინის მხრიდან ჩვენ ბევრი ბრალდება გაგვიგია, როგორც სახელმწიფოს, რომ სანქციებს გვერდს უვლის, ხან ეს, ხან ის. მაგრამ ფაქტი ვერც ერთხელ წარმოადგინეს, ახლაც არ მგონია, რომ რაიმე ფაქტი იყოს“, – განაცხადა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილიც იზიარებს „ომში ჩათრევის“ მცდელობის შესახებ თეორიას:

"მთელი ამ ომის განმავლობაში და ომამდე პერიოდშიც უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით არის აბსოლუტურად მოკლებული არგუმენტებს და ფაქტებს და ამის ბევრი ნათელი სურათი დავინახეთ, დაწყებული იმით, რომ საქართველო აიარაღებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, კონტრაბანდა და ა.შ. ამ ყველა ნაბიჯის შინაარსი არის ერთადერთი რამ - მათ უნდათ საქართველო ჩართული იყოს ომში რუსეთის წინააღმდეგ. ამით თვლიან, რომ მათი მძიმე მდგომარეობა ფრონტზე შემსუბუქდება, საქართველო ამ ვითარებაში ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯს არ დგამს. ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე. თან ცოტა კომიკური ვითარებაც არის, თუ რამე ზეგავლენა უნდათ ამით, ვთქვათ, შეიძლება ეთქვათ ბიძინა ივანიშვილი, ჯერ რა კავშირშია, მაგრამ მაინც და ახლა ივანიშვილის დეიდაშვილი და ბიძაშვილი და ა.შ... ანუ ამით იმის თქმა უნდა, რომ იმდენად უსაფუძვლო და უსუსურია მათი პოზიცია, პირდაპირ მიზანსაც ვერ ასახელებენ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი დეპუტატი ლევან ქარუმიძე აცხადებს, რომ უკრაინა რიგით მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა.

„ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა, პირველი რუსეთია“, - წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ და შანტაჟად მიიჩნევს:

„ეს არის უსაფუძვლო, ეს არის შანტაჟი, იმასთან დაგვაშრებით, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უარი უთხრა უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინამ ეს კარგად უნდა გაიაზროს. ეს არ არის ის თამაში მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის. დანილოვები, პოდოლიაკები და ასეთი "პოდონოკები" საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ“.

ცნობისთვის: უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა.

19 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს.

ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.

ამასთან, სანქციები შეეხება კიდევ სამ ქართველს — ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომელიც ფლობს ფოთის პორტს, "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და ა.შ, ასევე, ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S