"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება"
24/10/2022 08:42:09 პოლიტიკა
სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "გუშინ, მოსამართლეთა კონფერენციამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო რეკომენდაციები".
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ვინ არის ლევან მურუსიძე და რა რეპუტაციითა და ავტორიტეტითაც სარგებლობს, ყველამ ვიცით და გამეორებით თავს არც შეგაწყენთ, უბრალოდ, სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლებამ მისი არჩევით ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სისტემის რეფორმირებაზე. ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი მურუსიძის კანდიდატურა და ის აერჩიათ, მაგრამ მათ ღიად, უტიფრად და თავხედურად სწორედ მურუსიძე აირჩიეს. მათ გამოიწვიეს საზოგადოება, დასავლეთი. სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას. [...] როგორც უკვე ვთქვი ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას - უარს ამბობს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში. შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევა უნდა შეჩერებულიყო სანამ რეალური რეფორმა არ ჩატარდებოდა; 12 პუნქტში კი გარკვევით წერია, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა. აბსოლუტურად ყველა ელჩი მოუწოდებდა ხელისუფლებას შეჩერებულიყო საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნა, რეფორმების ჩატარებამდე და რით უპასუხა რუსულმა ოცნებამ დასავლეთს? 2021 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომ საბჭოს ყოფილი წევრების ხელახალი არჩევა ყოფილიყო შესაძლებელი. 2022 წელს კი, ევროკავშირის რეკომენდაციების მიღებიდან 10 დღეში, ხელისუფლება ხელმეორედ ირჩევს ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით. ამ ყველაფრის პარალელურად, ოლიგარქის სასამართლო კვლავ წარმატებით ახორციელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და მიხეილ სააკაშვილის დატყვევების შემდეგ, უკვე ნიკა გვარამიას ატყვევებენ. გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება",- აღნიშნა მელიამ.
ცნობისთვის: 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.
დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.


