24-10-2022 17:37:42 ეკონომიკა ,ანალიზი
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 13.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%–ით მეტია. საგარეო ვაჭრობაში გაზრდილია რუსეთის ფედერაციის წილიც: მასზე მოდის საქართველოს ექსპორტის 11.5%, ხოლო იმპორტზე - 13.1%. საერთო ბრუნვაში კი რუსეთის ფედერაციის წილი 2022 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 12.6%–ია.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ექსპორტზე 473 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 1.24 მილიარდის პროდუქცია შემოვიდა. ჯამში, რუსული პროდუქციის იმპორტი 2021 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით 72.8%–ითაა გაზრდილი.
რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციებს შორის პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის მოცულობაც აშშ დოლარებში, ბოლო 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით 4.5-ჯერ გაიზარდა და თითქმის 431 მილიონი შეადგინა. გარდა ნავთობპროდუქტებისა, ქვეყანაში რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტების ხუთეულში ასევე შედის ხორბლის ან ჭვავის ფქვილი, კოქსი და ნახევარკოქსი, ნავთობის აირები, ხორბალი და მესლინი. ხოლო საქართველოდან რუსეთში ძირითადად ყურძნის ღვინოები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, სპირტიანი სასმელები და მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანეს.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1103.5 მლნ ლარი) შეადგინა (სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, რუსეთიდან გზავნილები დაახლოებით 63 მილიონი აშშ დოლარითაა გაზრდილი), რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების თითქმის 45%, ანუ თითქმის 174 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციაზე მოდის.
„დღეს რუსეთი არის იმგვარ მოცემულობაში, როდესაც მას დიდი არჩევანი მეგობრებში, საქმიან პარტნიორებში არ აქვს. ხოლო იმ გარემოებამ, რომ რუსეთი ფაქტობრივად, იზოლაციაში აღმოჩნდა, საქართველოში მიგრანტების ნაკადის ზრდა გამოიწვია, მათ რუსეთიდან უგზავნიან ფულს, შემოდიან ტურისტებიც, ეთნიკური ქართველები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ცდილობენ კაპიტალის გადმოტანას და ამ გარემოებებმაც გამოიწვია გზავნილების ზრდა. მეორე საკითხია, როგორ უდგება სახელმწიფო ამ პროცესებს. საქართველოს მთავრობა მას ხელს არანაირად არ უშლის და ფიქრობს, რომ ეს ეკონომიკურ–ბიზნეს ურთიერთობები არ არის პრობლემა, მათ შორის, მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან. ამ მიდგომამ ბიზნეს მისცა სიგნალი. აქ მთავარი სტიმული ფასია – რუსეთი გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობს კონკურენტულ საქონელს საქართველოს, ვიდრე ის ღირს საერთაშორისო ბაზრებზე, იქნება ეს ხორბალი, ნავთობი თუ სხვა პირველადი მოხმარების პროდუქცია – მათ შორის, სურსათშიც რუსეთიდან იმპორტის წილიც არის გაზრდილი. როდესაც მთავრობას ამგვარი პოლიტიკა აქვს, ძალიან რთულია, დავზრახოთ ბიზნესი ან იმპორტიორი,“იგივე იაფი წიწიბურა ან ხორბალი რატომ შემოგაქვს რუსეთიდან, შემოიტანე ძვირადღირებულიო“. ამისთვის მოსახლეობა არ არის მზად, პოლიტიკური ნიშნით შეარჩიოს პროდუქტი. პირადად მაქსიმალურად ვცდილობ, რუსული პროდუქცია არ შევიძინო, მაგრამ ამას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ გააკეთებს, რაც არ უნდა ნეგატიურად იყოს რუსეთის მიმართ განწყობილი, მით უფრო, მაღალი ინფლაციის ფონზე, რადგან ღარიბი ქვეყანა ვართ“,– ამბობს „აქცენტთან“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.
თუმცა მსგავს მიდგომას გრძელვადიან პერსპექტივაში თან ახლავს რისკები: ეს არის კიდევ ერთი ბერკეტი მოსკოვის ხელში, წარმატებით განახორციელოს პოლიტიკურ–ეკონომიკური ზეწოლა საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.
„რუსეთი მეზობელი ქვეყანაა და მასთან სავაჭრო ურთიერთობები ყოველთვის გვექნება, როგორი ფორმითაც არ უნდა იარსებოს მან, მაგრამ თუ სურათს გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, შემოდის ეროვნული უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხი: რუსეთს მომავალში შეექმნება ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკურიც, არც მიგრანტების ნაკადი იქნება უწყვეტი. შესაბამისად, გვსურს კვლავ რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებული – მისგან პროდუქციის ყიდვაზე ან იქ რამის გაყიდვაზე? იქნება ეს ურთიერთობები სტაბილური? ყველასთვის მკაფიოა, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ბიზნესმოკავშირეებს რუსულ ბიზნესწრეებში კი არ უნდა ეძებდეს, არამედ ევროკავშირში, აშშ–ში და სხვა ქვეყნებში. ცხადია, დამოკიდებულების სრულიად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ აქეთკენ გადადგმულ ნაბიჯებსაც ვერ ვხედავთ, პირიქით, ვხედავთ დამოკიდებულებას, „ამ მომენტში ხელი მოვითბოთ, ვიდრე დროა“. რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, რადგან არავინ იცის, რა მომენტში ამას მოსკოვი რისთვის გამოიყენებს“.