Accentnews.ge
პრაისი განმარტავს, ჰქონდა თუ არა ამერიკულ მხარეს კონსულტაცია უკრაინულთან ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით

პრაისი განმარტავს, ჰქონდა თუ არა ამერიკულ მხარეს კონსულტაცია უკრაინულთან ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით

25/10/2022 05:59:13 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა უკრაინის მიერ საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე კომენტარი გააკეთა.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა პრაისს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ამერიკულ მხარეს კონსულტაცია უკრაინულთან სასანქციო სიასთან დაკავშირებით, რაზეც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მოგისმენიათ იმის თაობაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს – ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან მაშინ, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მის უფრო ფართო ევროპულ მისწრაფებებზე“.

ცნობისთვის: უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ოქტომბერს გასცა.

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს.

ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.

ამასთან, სანქციები შეეხება კიდევ სამ ქართველს — ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომელიც ფლობს ფოთის პორტს, "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და ა.შ, ასევე, ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S