"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის"
25/10/2022 06:30:37 პოლიტიკა
აშშ მოუწოდებს საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტმა პრაისს ჰკითხა, აშშ–ის რეაქციის შესახებ, "როცა ხედავენ დეპუტატების მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმებს", ასევე განცხადებებს, რომელთა თანახმად, "აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს". ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრაისმა შემდეგი განაცხადა:
„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილმა გააკეთა. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, გამოიწვია უკუსვლები. მათ შექმნეს უკუსვლები ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის მკაფიო, უძლეველი სწრაფვისთვის და უფრო ფართოდ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამ ქმედებების გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად. არის პოლარიზაციის ისეთი დონე, რომელიც არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ყოველივე ამის თქმის შემდეგ, ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის“.
კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურად ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში“, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ "ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს".
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვადარდებს, როდესაც საქმე საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას ეხება, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიყოთ ქართველის ხალხის, ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის პარტნიორი მაშინ, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“, – განაცხადა პრაისმა.


