ომბუდსმენი პარლამენტს სასამართლო რეფორმის თაობაზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს
25/10/2022 09:14:02 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მისაღებად დადგენილი პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სანამ სამუშაო რეფორმის ჯგუფის საქმიანობა არ არის დასრულებული, კვლავ არსებობს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული.
სახალხო დამცველის განცხადებით, დაახლოებით 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი წინაპირობების შესრულების მიზნით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი შექმნა. ომბუდსმენის თქმით, ამ დროისათვის შედგა 4 შეხვედრა და როგორც ცნობილია, იგეგმება კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრის გამართვა უახლოეს მომავალში.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ჯგუფის ფარგლებში გასაწევი სამუშაო თავიდანვე ორი მიმართულებით განისაზღვრა: 1) საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და 2) სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა:
„ამ დროისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე და აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე. სახალხო დამცველმა ჯგუფის ფარგლებში ორჯერ წარადგინა წერილობითი რეკომენდაციები, ხოლო მისი წარმომადგენლები თითოეულ შეხვედრაზე ასევე აქტიურად ერთვებოდნენ და ზეპირი ფორმით აფიქსირებდნენ და ასაბუთებდნენ მოსაზრებებს,“ – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართული ხანგრძლივი დისკუსიების მიუხედავად, ამ დრომდე არ არსებობს პასუხი, რომ გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში ასახული ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას;
- საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და ამ პროცესში ზეგავლენების სრულად გამორიცხვა;
- კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა და სხვა.
ომბუდსმენის განცხადებით, ასევე, არ არის ცნობილი, რომ გათვალისწინებულია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებული ე.წ. „19 აპრილის შეთანხმებით“ გათვალისწინებული რეფორმების გატარება:
„კერძოდ, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის დანერგვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, სასამართლო რეფორმის ტალღების ეფექტიანობის შეფასება და სხვა. ამ დრომდე, დადებითად არ არის გადაწყვეტილი ჩვენს მიერ დაყენებული საკითხებიც:
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ორმაგი უმრავლესობის პრინციპით (მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის მხარდაჭერით); სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ; 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების გაუქმება, რომლითაც უკიდურესად შესუსტდა მოსამართლეთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და სხვა. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნა სადავო საკითხების გარშემო საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან მიღებულიყო ვენეციის კომისიისა თუ ეუთო/ODIHR-ის მოსაზრების მოსმენის შემდეგ“ – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის თქმით, "სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებული ვერსიაში არ იქნა გათვალისწინებული ომბუდსმენის მიერ წარდგენილი არც ერთი რეკომენდაცია, რომლებიც არ მოითხოვდა საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას. მათ შორის:
- მართლმსაჯულების სფეროში უკვე განხორციელებული რეფორმების აღსრულებაზე ზედამხედველობის საჭიროება;
- მოსამართლეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს იმპლემენტაციის გაძლიერების საჭიროება;
- საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ცვლილებების საჭიროება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საერთო
- სასამართლოებში კოლეგიის სამივე წევრის შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე არჩევა;
- მოსამართლეთა თანაბარი, პროპორციული დატვირთულობის ზრუნველყოფის საჭიროება;
- ეუთო/ODIHR-ის მიერ 2021 წლის აგვისტოში გაცემული რეკომენდაციების ნაწილის სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების საჭიროება;
- დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის დეტალური წესისა და კრიტერიუმების გაწერის საჭიროება".
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენი უთითებდა რომ მნიშვნელოვანი იყო სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი მიეწოდებოდათ და მასზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მისცემოდათ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რაც განცხადების ავტორების თქმით, ასევე არ მომხდარა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ "საქართველოს პარლამენტს ევალება შეასრულოს ის წინაპირობები, რაც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად".


